29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
"მაინც გავიგებთ რა ხდებოდა, რადგან არა არს დაფარული რაც არა გაცხადდეს"- გიორგი კანდელაკი მინსკის რეისზე

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მინსკში დანიშნულ რეისთან დაკავშირებით, არადამაჯერებელია.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, სპეცრეისები ძვირი სიამოვნებაა და საეჭვოა, რატომ გახდა ის საჭირო მაშინ, როდესაც რეგულარული რეისები ევროპის მიმართულებით კვირაში ორჯერ მაინც სრულდება. 

"არადამაჯერებელია, რბილად რომ ვთქვათ, მთავრობის ახსნა თუ რატომ გახდა საჭირო, იმიტომ, რომ ასეთი ფრენა ძვირი სიამოვნებაა და ელჩებისთვის სპეცრეისებს ისეთი ზესახელმწიფოებიც არ ნიშნავენ, როგორიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებია. გარდა ამისა, კვირაში ორჯერ ხორციელდება ფრენა მიუნხენში, პარიზში და რიგაშიც, რომელიც მინსკთან ძალიან ახლოა და სულ ადვილად შეეძლო საქართველოს ელჩს იქ მოხვედრა, ეს ერთი, მაგრამ მეორე არის ის, რომ ასეთ მნიშვნელოვანი მოვლენების დროს რა უნდოდა შვებულებაში ელჩს?! ეს კიდევ ერთი მომენტია, რომელიც არცხვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მას.

საეჭვოდ გამოიყურება, ვერ დავიწყებ წიაღსვლებს და შეთქმულების თეორიებს, არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ იმით, რაც ნამდვილად ვიცით და ნამდვილად ვიცით, რომ სხვა რეისები ხორციელდება და ძალიან სუსტი ახსნაა ამ რეისისა. ჩვენ მაინც გავიგებთ სინამდვილეში რა ხდებოდა, რადგან არა არს დაფარული რაც არა გაცხადდეს,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

შეგახსენებთ, რომ რეისი თბილისი - მინსკი - თბილისი 16 აგვისტოს საღამოს შესრულდა და საკმაოდ ბევრი კითხვა დატოვა. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მინსკში, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს უარყო.

ამის შემდეგ, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ბელარუსში საქართველოდან ქვეყნის ელჩი გაემგზავრა, იმის გამო, რომ რეგულარული რეისები არ სრულდება, მინსკში ჩარტერი გაფრინდა. ეს განმარტება არასაკმარისი აღმოჩნდა საზოგადოების ნაწილისთვის, მათ შორის რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ კიდევ ვინ იჯდა თვითმფრინავში, ასევე, ბელარუსისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს რატომ იმყოფებოდა ვალერი კვარაცხელია საქართველოში.

დღის ამბები