29 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ბელარუსში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება. ცოტა ხნის წინ, მინსკში, ერთ-ერთი ქარხნის თანამშრომლებმა ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. ერთადერთი მოკავშირე, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერას განაგრძობს რუსეთია - ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს პირობა მისცა, რომ გარე ძალები ბელარუსის საშინაო საქმეებში ვერ ჩაერევიან.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ხელმეორედ არ გაიმართება - ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ არ აპირებს გარე ძალების ზეწოლით დათმობაზე წავიდეს. გუშინ გამართული მრავალ ათასიანი საპროტესტო აქციის შემდეგ განცხადება გააკეთა ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმის ზეწოლის შედეგად ქვეყნის დატოვება მოუხდა. მისი თქმით, ის მზად არის ანტისამთავრობო გამოსვლებს უხელმძღვანელოს და ეროვნული ლიდერი გახდეს.

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემდეგ, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით ამჯერად დიდი ბრიტანეთი გამოდის. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გაერთიანებული სამეფო მზად არის სანქციები დაუწესოს იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია ბელარუსში მშვიდობიანი აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებისთვის. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80% მიიღო.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები