29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ტყიბულში შურისძიების მოტივით მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. ტყიბულში 34 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. უწყების ცნობით, დაკავებულია წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი პირი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ტყიბულის რაიონის სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს." - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები