განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 62 წლის მამაკაცი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო 2 კილო და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინს“, „მორფინს“ და „კოდეინს“ შეიცავს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.