29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ღვინიაშვილი წარადგინა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე გურჯაანში მხარდამჭერებს შეხვდა და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა. ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და ადგილობრივ პრობლემებზე ისაუბრეს. ვენახის მოვლა და ყურძნის ფასი ის მთავარი გამოწვევაა, რაც ადგილობრივებს აწუხებთ.

"ჩვენი ამოცანაა გავიმარჯვოთ როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარობის ნაწილში, სადაც გვყავს ძალიან ძლიერი და ღირსეული კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი. ამ ორმაგი გამარჯვების მიზანი უნდა იყოს პირველ რიგში ხალხის პრობლემების მოგვარება. არ შეიძლება დღეს ყურძნის ფასი სახელმწიფო სუბსიდიით იყოს 80 თეთრი. ეს არის გლეხის დაცინვა. ამიტომ ყველა ამ პრობლემას სჭირდება მოგვარება და პრობლემების მოგვარებას სჭირდება არჩევნებზე მოსვლა, არჩევნებში გამარჯვება," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

"ქართული ოცნების" 8 წლიანმა მმართველობამ ჩვენი ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებამდე და სიღარიბემდე მიიყვანა. იზრდება ფასები, იზრდება კრიმინალი. დღეს ნამდვილად დადგა ცვლილებების დრო, ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ამ ოლქში ვიყარო კენჭი, იმიტომ, რომ ამ ოლქის ამომრჩეველი მე ძალიან კარგად მიცნობს. 4 წელი ვიმუშავე კახეთის გუბერნატორად და ვიცი მთელი ოლქის პრობლემები," – აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" თავმჯდომარემ გიორგი ღვინიაშვილმა.

დღის ამბები