ქართველები ოკუპანტების ტყვეობაში - 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი, რომელიც 3 ივლისს რუსმა სამხედროებმა აბსურდული ბრალდებით დააკავეს, კვლავ პატიმრობაში რჩება. საოკუპაციო რეჟიმი მას ღამურებზე უკანონო ნადირობაში ადანაშაულებს. დაკავებულის თანასოფლელების თქმით, ეს ანეგდოტური მდგომარეობაა, თუმცა რეალურად ოჯახს ღიმილისთვის მიზეზი არ აქვს.
უკანონო ტყვეობაში მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ოჯახს ამ დროისთვის არ აქვს, თუმცა აცხადებენ, რომ ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მათთან ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრეს.
ოჯახი ელოდება, რომ ცხინვალის ე.წ. მორიგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 20 აგვისტოს არის ჩანიშნული, დაკავებულს გაათავისუფლებენ.
"გვითხრეს, რომ 20-ში იქნება სასამართლო და გადაწყდება ყველაფერიო. დეპუტატმა თქვა, რომ კარგად გრძნობს თავს იქ და როგორ გაიგო არ ვიცი, ეტყობა თავიანთი ხაზი აქვთ მათთან. საზღვრებიც ისეა ახლა, ვერ გაიგებ სად მოხვდები. საქონელს რომ რეკავენ, არ იციან, ეშინიათ," - განაცხადა ტყვეობაში მყოფის ძმამ ჯუმბერ მღებრიშვილმა.
ხვიჩა მღებრიშვილს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.