მინსკში ასეულობით მოქალაქემ საპროტესტო აქციის დროს დაღუპულ მომიტინგეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. შეკრებილებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. მცხოვრებლებმა მომიტინგის დაღუპვის ადგილზე ყვავილები მიიტანეს.
ჟურნალისტი, რომელსაც "კურიერი" ესაუბრა, ამბობს, რომ საკმაოდ დიდია მოხალისეობრივი მოძრაობა როგორც მინსკში, ასევე სხვა ქალაქებში. ადგილზე უამრავი ადამიანი ჩადის, სადაც დაშავებულები იმყოფებიან, მორიგეობენ იზოლატორებთან, მიაქვთ საკვები და აგროვებენ თანხას. ამ დროისთვის, მოძრაობის დასახმარებლად 2 მილიონი დოლარია შეგროვებული.
"გვცემდნენ ხელკეტებით, ფეხებით, შემდეგ დაგვყარეს მინდორზე. ხელბორკილებით ასე ვიყავით დაახლოებით 12 საათი," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ბელარუსში გაიფიცნენ სხვადასხვა დიდი ქარხნების თანამშრომლები. ისინი ამბობენ, რომ იქამდე არ გააგრძელებენ მუშაობას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"ვაცხადებთ გაფიცვას, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. შეწყდეს სისხლის ღვრა, შეწყდეს მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავება, მესამე გამოუშვან პოლიტპატიმრები, ჩატარდეს გამოძიება დაკავებების, ცემისა და მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტზე და მეოთხე, ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები," - ამბობენ აქციის მონაწილეები.
დემონსტრანტების მოთხოვნა, კვლავ პრეზიდენტ ლუკაშენკოს წასვლაა. თუმცა ბელარუსის ლიდერი, დასავლეთის წნეხის მიუხედავადაც, პოზიციების დათმობას არ აპირებს.