ბელარუსში აქციების დროს დაშავებულებს და დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც "კურიერი" ესაუბრა ამბობს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურად ვრცელდება. ბელარუსის მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემები კი სიმართლეს არ შეესაბამება.
ჰანა აზიემსა ამბობს, რომ რთულია ვითარება იზოლატორებშიც, სადაც აქციებზე დაკავებული მოქალაქეები გადაჰყავთ. ჟურნალისტის თქმით, იქ სასტიკად უსწორდებიან როგორც ხანშიშესულ ადამიანებს, ასევე არასრულწლოვნებს.
"მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებიან ქუჩაშიც და იზოლატორებშიც. არ ინდობენ არც ხანშიშესულებს და არც არასრულწლოვნებს. დაშავებულებს აქვთ უმძიმესი ტრავმები, იმდენად სასტიკად ექცევიან მოქალაქეებს იზოლატორებში, რომ იქიდან გამოსულები დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, ამიტომ იზოლატორებთან ექიმები მორიგეობენ, რომ გამოსულებს დაეხმარონ. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები, მათ შორის ჩვენი ჟურნალისტი, რომელიც იზოლატორში ბადრაგმა სცემა იმდენად, რომ ახლაც ცუდად არის. სასტიკად უსწორდებიან საერთაშორისო ჟურნალისტებსაც. ასეთი მოვლენები ბელარუსის ისტორიაში არ მახსენდება და ვფიქრობ, რომ ასეთი მძიმე დღეები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არც ყოფილა," - განაცხადა ჟურნალისტმა, ჰანა აზიემსამ.