29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა პროცესი ტექნიკური ხარვეზის გამო, შეფერხებით მიმდინარეობს.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურ პორტალზე ხარვეზი ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებამ გამოიწვია. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე - 1505. 

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი), საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

უწყების ცნობით, ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. 

დღის ამბები