29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"ევროპულ საქართველოსა" და ენმ-ს შორის სხვაობა ეხება წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე "ღამის კურიერის" ეთერში იმ სხვაობაზე  იმ შეცდომებს იხსენებს, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუშვა. მისი განცხადებით, ენმ-მ 2007-2008 წლებში ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, თუმცა იყო უარყოფითი მხარეებიც, რომლებმაც კარგი გადაწონა. ის ამბობს, რომ უნდა შეცვლილიყო მმართველობის სტილი, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ვერ, ან არ გააკეთა.

დავით ბაქრაძე კრიმინალთან ბრძოლის დროს დაშვებულ შეცდომებზე ამბობს, რომ 2007-2008 წლებში მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო ლიბერალური. 

"ბევრი პრინციპული განსხვავება შემიძლია გითხრათ რა სხვაობაა "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. ეს სხვაობა ეხება წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც.

პირველ რიგში რაც შეეხება წარსულს, წარსულთან დაკავშირებით გვაქვს ორი პრინციპული განმასხვავებელი მომენტი, რამაც მოიტანა ეს გაყოფა 2017-ში. პირველი შეეხება ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შეფასებას და რა თქმა უნდა, ჩვენც მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ გუნდმა ძალიან ბევრი კარგი გააკეთა და ძალიან წინ წაიყვანა საქართველო, როგორც ქვეყანა, მაგრამ იყო შეცდომები, დანაშაულები, რომელმაც ხალხის თვალში გადაფარა ძალიან ბევრი გაკეთებული საქმე. ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ხდება ბევრად უფრო ღიად და ჩვენი პოზიცია გახლავთ სწორედ ის, რომ შეცდომებზე და პრობლემებზე საუბარი არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე, რომლითაც ამომრჩეველს ვაჩვენებთ, რომ ის, რაც იყო არასწორი გვესმის და ის მომავალში აღარ განმეორდება.

პრინციპი გახლავთ ის, რომ ჩვენ თავის დროზე ვერ დავიჭირეთ, არ დავიჭირეთ მომენტი როგორც გინდათ დაარქვით, როდესაც უნდა შეცვლილიყო მმართველობის სტილი. მაგალითად 2003 წელს კრიმინალი იყო უზარმაზარი პრობლემა. ამიტომ თავიდან კრიმინალთან ბრძოლა საჭირო იყო მართლაც ძალიან მკაცრად და რადიკალურად, მაგრამ 2007-2008 წლებში, როცა კრიმინალი გატყდა ჩვენი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა შეიძლებოდა და უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო ლიბერალური და მოქნილი, აღარ იყო 2008 წელს კრიმინალთან ბრძოლა საჭირო იმავე მეთოდებით, რაც 2003-ში.

იგივე ეხება საგადასახადოს. მაგალითად 2003-ში საქართველოს ეკონომიკის 70% როცა იყო ჩრდილში საჭირო იყო ძალიან მკაცრი ზომები, მათ შორის თუნდაც ფინანსური პოლიციის შექმნა, კონტრაბანდასთან ბრძოლა, მაგრამ 2009-2010 წლებში, როცა უკვე ბიზნესი გადასახადს იხდიდა და ჩრდილიდან გამოვიდა, აქაც ჩვენი პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო ლიბერალური და მოქნილი და ეს რამდენიმე მიმართულება იყო, სადაც ამ არ შეცვლის გამო, ზედმეტად ხისტი პოლიტიკის, ზედმეტად მკაცრი ნაბიჯების, ზედმეტად მკაცრი ადმინისტრირების გამო საზოგადოებაში გაჩნდა სამართლიანი პროტესტი და ჩვენ დღეს ამაზე ღიად ვსაუბრობთ.

დანაშაულის შემცველი კონკრეტულად მხედველობაში მაქვს ციხეში არსებული პრობლემები და მათ შორის, თუნდაც იგივე ბიზნესთან ურთიერთობაც, ან ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი პოლიტიკაც, იმ 2008-2009 წლებში ზედმეტად მკაცრი ადმინისტრირების გამო იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ექცეოდნენ უსამართლოდ და უსამართლობა ყოველთვის შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

მე 2013-შიც, როდესაც წავედი და ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, მაშინაც ვიღებდი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ იმ პარტიაში აღარ ვარ ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და არ ვლაპარაკობ, რომ ეს იყო „ნაციონალების“ შეცდომები. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების შეცდომები, სადაც მეც ვიყავი მათ შორის და ვიყავი ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე. მე მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობის აღება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი პოლიტიკოსისთვის. მაშინაც შეცდომად მიმაჩნდა და დღესაც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის მე მაშინ მიმაჩნდა თუ არა შეცდომად, ასე ხდებოდა. რაღაცები ვიცოდით მაშინ, რაღაცები არ ვიცოდით. ბევრი რამე არ ვიცოდით, მაგრამ ის, რომ ზოგადად პოლიტიკის შეცვლის და უფრო განსხვავებულ პოლიტიკაზე გადასვლის აუცილებლობა იდგა პოლიტიკურად, ამას რა თქმა უნდა, ვხედავდით," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები