29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიას ეჭვქვეშ აყენებენ

პოლიტიკურმა პარტიებმა "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული, კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის ის ნაწილი შეაფასეს, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხებოდა და აცხადებენ, რომ შიდა პარტიული კვლევებით მონაცემები აბსოლუტურად განსხვავებულია.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ რომან გოცირიძეს კითხვები კვლევის მეთოდოლაგიასთან დაკავშირებით აქვს. რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ე.წ. ალოკაციის მეთოდი სპეციალურად იქნა გამოყენებული, ხოლო სრული სურათის დასანახად აუცილებელია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვის ცოდნა. 

"უნდა გაასაჯაროოს ორივე შედეგები. ერთი ეს ე.წ. ალოკაცია, რომ არ ითვალისწინებენ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვს და მეორე, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა უნდა ვიცოდეთ. ორივე მეთოდი უნდა იყოს და სერიოზული კომპანიები ყოველთვის აკეთებენ ამას. სპეციალურად არ იქნა, როგორც ჩანს, გაკეთებული სხვა მეთოდით, ვინაიდან გაცილებით გამოცდილი და მსოფლიოში აღიარებული კომპანიები მუშაობენ საქართველოში და მათთან შედარება და კონკურენცია ამ ახლად ჩამოყალიბებულ კომპანიას არ შეუძლია,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

კვლევის მეთოდს ეჭვქვეშ აყენებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძეც. მისი განცხადებით, დამატებითი დეტალების ცოდნის გარეშე კვლევის შედეგების შეფასება შეუძლებელია. 

"100 ადამიანიდან თუ 90 არ სცემს პასუხს და თუ 90-ივეს ალოკაციას უკეთებ ერთ რომელიმე პარტიაზე, შეგიძლია მიიღო, რომ 100-დან 90% მხარდაჭერა აქვს ვიღაცას, მაგრამ ეს ხომ უნდა ვიცოდეთ. მე ახლა ხომ არ გამოვიცნობ როგორი იყო ალოკაცია, ეს რიცხვები ცნობილი არ არის. კომპანია, რომელმაც ჩაატარა, ჩემთვის უცნობია, პირველად გავიგე საერთოდ. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ შევაფასო, ვთქვა, ვენდობი თუ არ ვენდობი, უბრალოდ წარმოუდგენელია, სანამ არ მეცოდინება დეტალები,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარტია "ლელოს" გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, რეიტინგები არჩევნებზე ძირეულად განსხვავებული იქნება იმიტომ, რომ გასათვალისწინებელია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ გამოკითხვაში მონაწილეობაზე.

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის განცხადებით, კვლევაში მხოლოდ "ახალი საქართველოს" შედეგებია და არა "სტრატეგია აღმაშენებლის." მისივე თქმით, შიდა პარტიული კვლევებით კოალიციას გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვს. 

"ეს არის მხოლოდ "ახალი საქართველოს" ძველი კვლევა, ანუ 24 ივლისამდე, ამდენად "სტრატეგია აღმაშენებლის" კვლევა ეს არ არის. ახლა სტრატეგია აღმაშენებელი რასაც დადებს, ალბათ 10 დღეში რაც დაიდება, აქედან უკვე ჩვენი გაერთიანებიდან, ამ ბლოკის არსებობიდან მერე შემიძლია რაიმე კვლევაზე ვისაუბრო. "სტრატეგია აღმაშენებლით" უკვე ჩატარდა კვლევა, ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ძალიან მზარდია, რომ არ ველოდით ისეთი საოცარი რეიტინგი დაიდო,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

"პატრიოტთა ალიანსის" არმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე ფიქრობს რომ კვლევის შედეგები არარეალურია და ახლოს არ არის სიმართლესთან. მისივე თქმით, შეუძლებელია ორთვიან მონაკვეთში მმართველი პარტიის რეიტინგი 5-ჯერ გაზრდილიყო.

მონაცემებს ბოლომდე სარწმუნოდ არ მიიჩნევს არც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი შეფასებით, კვლევა მიახლოებულია რეალობასთან, თუმცა ზუსტი არ არის. მისი განცხადებით, ეს კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებულ კვლევის მონაცემებსაც არ ემთხვევა. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" კვლევაში "ქართულ ოცნებას" 59%-იანი მხარდაჭერა აქვს, თუმცა მისი შედეგები არ გაასაჯაროვეს.

​შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ავტორიტეტულმა კომპანიამ Survation საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.

საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" 52%
"ენმ" 19%
"ევროპული საქართველო" 8%
"პატრიოტთა ალიანსი" 5%
"ლელო" 5%
"ახალი საქართველო" 4%
 სხვა 7 %

დღის ამბები