29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2020 წლის 13 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ესტონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, ისევე როგორც ძალიან აქტიური სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის. ხაზი გაესვა, რიგი მიმართულებებით, ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მზაობას.

მინისტრმა ელჩთან ასევე განიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ქართული მხარის მოლოდინებს ამ პროცესისგან. გარდა ამისა, მინისტრმა და ელჩმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დღის წესრიგში არსებული აქტუალური თემები.

"მოხარული ვარ, რომ დავინიშნე ესტონეთის ელჩად საქართველოში. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი. საქართველოსა და ესტონეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ. დარწმუნებული ვარ, ესტონეთი, როგორც აქამდე, გააგრძელებს საქართველოში ისეთი სფეროების განვითარების ხელშეწყობას, როგორიცაა განათლების და ჯანდაცვის სისტემები, კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა," - აცხადებს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიინა კიულიურანდი.

​შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და წარმატება უსურვა საქართველოში მის შემდგომ საქმიანობაში.

დღის ამბები