სვანეთში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგებმა მესტიის, უშგულისა და უკვე ჩაკეტილი ლენჯერის მოსახლეობა შეამოწმეს. მათ შორის ტურისტებიც, რომლებიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო სვანეთში ჩარჩნენ.
ამ ეტაპზე რეგიონში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მესტიის მუნიციპალიტეტში შესასვლელს სამართალდამცველები აკონტროლებენ, ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ დისტრიბუციის მანქანებს აქვთ. ასევე ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილია სპეციალური კარავი, სადაც ადგილობრივების შემოწმება და თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გუშინ აღებული 975 ნიმუშიდან დადებითი მხოლოდ ორი აღმოჩნდა.
"ამ 5 ახალი ინფიცირებულიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან. ამიტომ უფრო გაფართოებული ტესტირება დღეს ფართოვდება დაბა მესტიაში, ასევე რამდენიმე სოფელში.
მოგეხსენებათ გუშინ გაკეთდა დაახლოებით 975 ნიმუში, გუშინწინ აღებული გუშინ დამთავრდა და იქიდან მხოლოდ ორია დადებითი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.