29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ძალიან ბევრი რამ ბუნდოვანია - რომან გოცირიძე Survation-ის კვლევაზე

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით მომზადებული ავტორიტეტული ბრიტანული კომპანიის, Survation-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე, "დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ შეაფასა. მან აღნიშნულ კომპანიას უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ კვლევაში ბევრი რამ ბუნდოვანია, ბევრი კი საერთოდაც დამალული. 

"მეცინება, ამ კვლევას აკლია გოგა ხაინდრავას პორტრეტი ყვავილებით. დააკვდებოდაო, როგორც იტყვიან. ასეთი დიდი ცდომილება, შეიძლება მხოლოდ იმას მოუვიდეს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გამოიკვლია. ძალიან ბევრი რამ აქ ბუნდოვანია. ჩვენი საქმე არ არის სოციოლოგიურ კომპანიებს შორის ომის ჩართვა. ახლადგამოჩეკილმა კომპანიამ Survation - ომი გამოუცხადა მსოფლიოში ლიდერ კომპანიებს.

გაასაჯაროონ რამდენმა ადამიანმა თქვა უარი კვლევაზე და ამასთან, რამდენი ამბობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. ყველა კვლევაში ეს დაახლოებით 30%-ია და როგორც წესი, ეს პროცენტი არის ოპოზიციის. თუკი 30% იტყვის რომ ამ კვლევაში არ მივიღებ მონაწილეობასო, ეს კვლევა უკვე მცდარია. 

ასევე, საინტერესოა რატომ არ ამბობენ რამდენი პროცენტია ნამდვილი ალოკაციის გარეშე, იმიტომ არ ამბობენ, რომ ეს უკვე ძალიან სასაცილო გამოვიდოდა. მეთოდიკა არასწორია, ბევრი რამ გასაიდუმლოებულია და იმედს ვიტოვებ რომ კვლევის მაჩვენებლები ალოკაციის გარეშე გამოქვეყნდება. 

ჩვენ არასოდეს ვამბობდით, რომ რომელიღაც კვლევას არ ვენდობით, რადგან არ ვართ "ქართული ოცნება", რომელსაც თავისი შეთქმულების თეორია აქვს. მაგრამ კვლევაც არის და კვლევაც, ეს არის ახალი კომპანია, რომელიც ახლა იკიდებს ფეხს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. 

 

დღის ამბები