29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
მოსკოვი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას აგრძელებს - ბრიტანული კვლევითი ცენტრი

აგვისტოს ომის 12 წლის თავთან დაკავშირებით, ბრიტანული კვლევითი ცენტრი,  საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის და RUSI-ის ასოცირებული მკვლევარის, ნათია სესკურიას სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია  2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსა და 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესახებ.

ავტორები საერთაშორისო საზოგადოებას იმ ფაქტს ახსენებენ, რომ 12 აგვისტოს შეთანხმების და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები დღესაც ირღვევა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზარდ მილიტარიზაციაში, ბორდერიზაციაში, უკანონოდ დაკავებებსა და თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვაში აისახება. ასევე, აღნიშნულია,  რომ რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო საქართველოს დემოკრატიული განვითარების და პროდასავლური ორიენტაციის შეფერხება.

სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები კიდევ უფრო გამყარდა, რაც  მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერაში აისახება  და საერთაშორისო საზოგადოებას ახსენებენ კონფლიქტში რუსეთის, როგორც მხარის როლს და მის სტრატეგიულ მიზანს, დაიბრუნოს "მშვიდობისმყოფელის" სტატუსი სამ ე.წ. ურთიერთდაპირისპირებულ ეთნოსს შორის.

გარდა ამისა, სტატიაში ნახსენებია რუსეთის მიერ გამოყენებული ის ჰიბრიდული მეთოდები ("მართვადი ქაოსი", ეკონომიკური და ფინანსური მანიპულაციები და დეზინფორმაციის კამპანიები), რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვითარების გასაკონტროლებლად, აქტიურად იყენებს.

ავტორები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, მეტი ყურადღება დაუთმონ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და იმ შედეგებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დადგა. მათი თქმით, 2014 წელს ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები გარკვეულწილად იმ მოვლენებმა განაპირობა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები სათანადოდ ვერ შეაფასა.

ავტორების თქმით, აგვისტოს ომი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ ერთგვარი გაფრთხილებაა, რომლის უგულებელყოფამაც, შესაძლოა, მსოფლიოში რუსეთის მიერ სხვა კრიზისები გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის პატრონაჟის ქვეშ არსებული, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მსოფლიოს უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ინსტიტუტია. 1831 წლიდან RUSI წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებისათვის.

დღის ამბები