29 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
უშგულში არ არის კორონავირუსი, უბრალოდ უშგულში შედარებით მკაცრი ზომა გავატარეთ - სოზარ სუბარი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მესტიაში ტურისტების კარანტინში გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს.

"დღეს უკვე მეორე კოლონას - 4 მიკროავტობუსსს და 7 ავტომობილს გადაჰყავს კარანტინში ძირთადად ტურისტები. ორგანიზებულად ხდება მათი გადაყვანა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ადამიანებმა ტესტირება ჩაიტარონ და სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოიხსნება შეზღუდვები.

მისივე თქმით, არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც ვირუსის არსებობის არ სჯერა. ამასთან, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან ასეთ ვითარებაში საზღვრების გახსნას მოითხოვს.

"რამდენიმე ადამიანი არის ისეთი, ვინც ამბობს - რა გინდათ, მე ჯანმრთელი ვარ, არაფერი არ მჭირს და რატომ უნდა შემამოწმოთ. ზოგი კი ღრმა შეთქმულების თეორიებში მიდის, რომ კორონა არის მონაგონი და არ არსებობს. თუმცა ასეთი ადამიანების რიცხვი არის ძალიან ცოტა. რაც მაღალი იქნება ტესტირება და რაც დაბალი იქნება შედეგი, მით მალე მოიხსნება შეზღუდვები.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირად ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივ მოქალაქეებზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ და მეტი უნდა იცოდნენ, შეგნებულად იტყუებიან, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, აკეთებენ ასეთ რამეებს, რომ ეს ყველაფერი არის მოგონილი, გავხსნათ საზღვრები, აღვადგინოთ ფრენები. ვერანაირი ტურიზმი ვერ იქნება იქ, სადაც აფეთქდება კორონა. მე მგონია, რომ ეს ჩვენმა ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის და შეგნებულად იტყუებიან. უნდათ, რომ დაიძაბოს სიტუაცია და ამით რაღაც შედეგს მიაღწიონ არჩევნებზე. არ არის ადამიანის სიცოცხლით თამაში კარგი," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, უშგულში კორონავირუსი არ არის გავრცელებული, უბრალოდ იქ ზომები გამკაცრდა. 

"დღეს გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ უშგულში გავრცელდა კორონა. უშგულში არ არის კორონა. უბრალოდ, უშგულში შედარებით მკაცრი ზომა გავატარეთ, იმიტომ, რომ უშგული მარგალიტია საქართველოს კურორტული ცენტრების. იქაც დამყოლობა არის ძალიან მაღალი," - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

დღის ამბები