29 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე 4000 ტესტის გაკეთება იგეგმება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების 16 ჯგუფი მუშაობს.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, კვირის ბოლომდე მუნიციპალიტეტში 4000-მდე ტესტის ჩატარებაა დაგეგმილი. 

"დილიდან ეპიდემიოლოგების და ნიმუშის ამღებების 16 ჯგუფი მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტის 16 წერტილში. აქედან, ორი ჯგუფი წასულია უშგულში. ძირითადად, კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს დაბა მესტიაში და კიდევ რამდენიმე სოფელში. რამდენიმე ადამიანი იყო დარჩენილი ლენჯერში და იქაც იღებენ სინჯებს, რათა ლენჯერი მთლიანად ამოვწუროთ, რადგან ეს გახლავთ ინფექციის ძირითადი კერა. იქ გვაქვს 30 დადასტურებული შემთხვევა. ავადმყოფები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და მიმდინარეობს კონტაქტების ინტენსიური გამოკვლევა.

დავიწყეთ ლენჯერსა და სხვა სოფლებში აქტიური თერმოსკრინინგი. ასევე, დღეს მესტიის საავადმყოფოს გადავეცით სწრაფი ტესტის აპარატი, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა არ არის ისეთი, როგორიც კლასიკური PCR-ის, მას ერთდროულად შეუძლია მხოლოდ 4 სინჯის გაკეთება. ამ აპარატზე მხოლოდ ის სინჯები გაკეთდება, სადაც სწრაფი დიაგნოსტირებაა საჭირო.

გუშინ 985 სინჯი იყო აღებული და 1-2 საათში იქნება მისი პასუხი და გვეცოდინება დაახლოებითი ეპიდსიტუაცია, რადგან ამ სინჯებიდან ცოტაა ლენჯერი, ძირითადად მესტია და მიმდებარე სოფლებია. ეს მოგვცემს წარმოდგენას, თუ როგორია ეპიდსიტუაცია. 6 % თუ იქნა, მაღალი მაჩვენებელი იქნება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები