29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
აიძულეს, თუ არა ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს ქვეყნის დატოვება - მინსკში პროტესტი გრძელდება

პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, რომელიც ბელარუსის არჩევნებზე თავს გამარჯვებულად აცხადებდა და რომლის მხარდასაჭერად მინსკშიც ამ წუთებშიც აქციები მიმდინარეობს, ქვეყანა დატოვა.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საკუთარ ამომრჩეველს ვიდეო მიმართვა დაუტოვა, სადაც ამბობს, რომ რთული არჩევანის წინაშე დადგა. მოგვიანებით, მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა სადაც ხალხს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ აქციები. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ტიხანოსვკაია ამბობდა, რომ არ აპირებდა ქვეყნის დატოვებას.

ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ მოსვლას ქვეყანა პროტესტით შეხვდა. ასეთი არჩევნები ბელარუსს არ ახსოვს - პრეზიდენტი თავის სკამს, ამომრჩეველი კი ცვლილებების შანსს ვერ თმობს. მინსკი და ქვეყნის სხვა ქალაქები 2 დღეა ქაოსშია, ხალხი ცვლილებებს მოითხოვს. 100 დაჭრილი, 1 გარდაცვლილი, 3000 - მდე დაკავებული - ასე გამოიყურება ბელარუსი დღეს.

ქვეყანაში არავინ ელოდა, რომ 26 წლიან პრეზიდენტობას ლუკაშენკო მარტივად დათმობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მის სასარგებლოდ 80 %-ზე მეტი მხარდამჭერი დათვალა, მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს კი მხოლოდ 10 % მიანიჭა, ყველაფერი ნათელი გახდა. თავად ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი, რომელმაც პრეზიდენტობაზე კენჭი მხოლოდ იმის გამო იყარა, რომ მისი მეუღლე, სხვა კონკურენტებთან ერთად ხელისუფლებამ დააპატიმრა, თავადაც ზეწოლის ქვეშ მოექცა. ის გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. უკვე დღეს კი ვიგებთ, რომ ძალოვანებთან კომუნიკაციის შემდგომ მან ლიეტუვას შეაფარა თავი. ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ნებდება.

ბოლო ფრაზამ კითხვები გააჩინა - ტიხანოვსკაიას მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან, რომ ლუკაშენკომ მას ისეთი პირობა წაუყენა, რომელიც მისი შვილების უსაფრთხოებას ემუქრებოდა და ოპოზიციონერს სხვა გზა არ დაუტოვეს. ის, რომ დიდი არჩევანი მას არ ჰქონდა, იცის ლიეტუველმა დიპლომატმაც. ლინას ლინკევიჩუსი პირველი იყო, ვინც ბელარუსს ტიხანოვსკაიას ადგილმდებარეობის შესახებ აცნობა.

ოპოზიციონერს კონკურენტად არ მიიჩნევდა თავად ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს და რომლისთვისაც გარეთ გამოსული დემონსტრანტები უბრალო "ცხვრებია". ქვეყნის პრეზიდენტი სამართალდამცველების მიერ განხორციელებულ ძალადობას პროპორციულს უწოდებს და ძალიან ბრაზობს, რომ დღესასწაული არ შედგა.

ლუკაშენკოს აკრიტიკებენ ევროპაშიც და ამერიკაშიც. ცივილიზებული სამყაროსთვის არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, რაც ქვეყანაში ხდება რეპრესიებს უწოდებენ და იმ სანქციებზე საუბრობენ, რომელსაც ლუკაშენკო ვერ ასცდება. დაკავებულების გათავისუფლება და დემოკრატიული არჩევნები - ეს პარტნიორების მოთხოვნაა.

ამ დრომდე ქვეყანაში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს. პარალელურად, ქუჩაში რჩება სამხედრო ტექნიკა. ოპოზიციონერი კანდიდატის შტაბი ლუკაშენკოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბირებისთვის დიალოგს სთავაზობს, თუმცა ის ამ ეტაპზე არსად წასვლას არ აპირებს.

დღის ამბები