29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
კორონავირუსის კიდევ 2 ახალი კლასტერი - სვანეთის შემდეგ დღეს COVID-19 ლარსის გამშვები პუნქტის და შსს-ს თანამშრომლებს დაუდასტურდათ

ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 2 დღეში 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყაროდ სპეციალისტები რუსეთიდან ან მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, საზღვარზე გადმოსულ საქართვლოს მოქალაქეებს ასახელებენ. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომლებიც ვირუსის გავრცელების ზუსტ არეალს და ინფიციებულების კონტაქტებს იკვლევენ. დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავე ინფიცირებული ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრსაც. ორივე ინფექციურ საავდმყოფოში გადის მკურნალობას.

საქართველოში უკვე სატვირთო ავტომობილების 100-ზე მეტი ინფიცირებული მძღოლია. დღეს დადასტურებული 14 შემთხვევიდან 3 იმპორტირებული იყო. ერთი ასეთი ფაქტი იმერეთში დადასტურდა.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ქუთაისში მძღოლის საცხოვრებელ უბანში მივიდა. ბუხაიძის ქუჩაზე გვითხრეს, რომ კონტაქტი ინფიცირებულ მეზობელთან არ ჰქონიათ და დადასტურებული შემთხვევების შემდეგ ჯერ ეპიდემიოლოგები არ მისულან.

საქართველოში კოვიდმიმღებ განყოფილებებში 194 პირია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. აქედან, 8 კრიტიკული და 14 მძიმე პაციენტია. ექიმები, რომლებიც 6 თვეა ვაქცინის და კონკრეტული პრეპარატის გარეშე ებრძვიან ვირუსს, დღეს დაძაბულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობენ.

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის სტატისტიკის ზრდას ისევ ელოდება და შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღის შესაძლო შემოტევისთვის ემზადება.

დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. ბოლო ერთი თვეა ქვეყანაში დღის განმავლობაში სტატისტიკური მონაცემები 2 ნიშნულს აღწევს.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა.

დღის ამბები