29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
გაიხსნა, თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებით - გამოძიება დამატებითი ექსპერტიზის შედეგს ელოდება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით 5 პირი გასამართლდება, მათგან ორი არასრულწლოვანია.

მკვლელობისთვის ბრალი წაყენებული აქვს "ტოიტა ქამრის" 6 მგზავრიდან ხუთს. მათ მინიმუმ 13 წელი, მაქსიმუმ კი, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი გაქცევისას ხიდის ორივე მხრიდან თავდამსხმელების ალყაში მოექცა. მას დაზიანებები მიყენებული აქვს ფაქტობრივად მთელ სხეულზე, მათ შორის თავის, ორივე თვალბუდის, მუცლის და საზარდულის მიდამოებში.

პროკურატურამ საზოგადოებას რეკონსტრუქციით აღდგენილი, გიორგი შაქარაშვილის ბოლო მოქმედებები გაავრცელა. 19 წლის ახალგაზრდა არაგვის სანაპიროს მიმართულებით, ხიდის ქვეშ გარბის და ცდილობს თავი დააღწიოს თბილისიდან ჩასულ მოძალადეებს. მას ზურგიდან მისდევს ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი კიდევ ორ არასრულწლოვანთან ერთად.

მეორეხარისხოვანი გზა, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი მიუყვება რკალის ფორმისაა და ის სრულდება ცენტრალური მაგისტრალის მეორე, ანუ საპირისპირო მხარეს. გზის ამ მონაკვეთზე ფეხბურთელს დახვდნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ამით თავდამსხმელებმა გიორგი შაქარაშვილი შუაში მოაქციეს.

შეშინებული მოზარდი იძულებული გახდა დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, არაგვის სანაპიროზე ჩასულიყო. მისი გაჩერების ბოლო წერტილია ხიდის ის ხიმინჯები, სადაც მოზარდის ჩანთა იპოვეს. სწორედ ამ ადგილზე სცემეს გიორგი შაქარაშვილს, რის შემდეგაც ახალგაზრდა მდინარეში გადააგდეს.

დაპირისპირების ამ ეპიზოდის შემდეგ აღენიშნება გიორგი შაქარაშვილს სხეულზე ყველა დაზიანება. მათი წარმომავლობისთვის პროკურატურას დამატებითი ექსპერტიზა დასჭირდა. განზრახ მკვლელობის ვერსიის საჯაროდ განცხადებამდე, გამოძიებამ დააზუსტა, რომ დაზიანებები განვითარებულია მიზანმიმართულად, ცემით და არა დაცემით. ექსპერტიზამ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სწორ ზედაპირზე სირბილის დროს ახლგაზრდა ისე ვერ წაიქცეოდა, რომ მრავლობითი დაზიანებები მიეღო.

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მიაჩნია, რომ საქმე გახსნილია. ახლა მათი მთავარი ამოცანაა, რომ მკვლელობაში იდენტიფიცირებული დამნაშავეები
უმკაცრესად დაისაჯონ.

მკვლელობის ამ ვერსიას პროკურატურა სასამართლოში წაიღებს. თუმცა, არის რამდენიმე გარემოება, რომლის დასაზუსტებლად ისევ ექსპერტიზა დაინიშნა. გამოძიება ახლა ელოდება პასუხს კითხვაზე - რა დრო გაატარა შაქარაშვილის ცხედარმა წყალში და ხომ არ ჰქონდა მცდელობა დანაშაულის გადაფარვას. კომპლექსური კვლევა გრძელდება ჩანთაზეც, რომელმაც მძიმე დანაშაულში ბევრი კითხვა გააცინა.

გამოძიების ვერსიით მკვლელობის ეპიზოდი იწყება ცენტრალურ მაგისტრალზე ღამის პირველი საათისთვის. ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი თავის მეგობრებთან ერთად შემთხვევით შეხვდა ტოიოტას მარკის ავტომობილს, რომელიც უკვე თბილისში მიდიოდა. თავდამსხმელები აედევნენ ახალგაზრდებს. გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა სხვა და სხვა ადგილებზე მიმალვა შეძლეს. 19 წლის ბიჭი კი 5 მოძალადის პირისპირ მარტო აღმოჩნდა.

დღის ამბები