29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა - პროკურატურა

სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.  

 "გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც  მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება - დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15.../25... მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს," - აღნიშნულია პროკუირატურის განცხადებაში. 

პროკურატურა აღნიშნულ ფაქტებზე ვიდეოებს ავრცელებს. 

დღის ამბები