29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც 2008 წელს თავს დაგვატყდა - ვახტანგ გომელაური შინდისის გმირების საფლავთან მივიდა

შინდისის ტრაგედიიდან დღეს ზუსტად 12 წელი შესრულდა. გმირთა მემორიალთან პოლიტიკოსები და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

"საქართველოსთვის უმძიმესი იყო 2008 წლის აგვისტო. დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, შვილები და ძმები. მათ გმირობებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც 2008 წელს თავს დაგვატყდა. ამისათვის კი ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით. ჩვენ სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ გვეუბნება, რატომ არაფერს აკეთებთო, სწორედ ეგენი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში," - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური. 

ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც, მან აღნიშნა, რომ ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. 

"გმირების მაგალითზე უნდა აღიზარდოს მომავალი თაობები. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეა. სამწუხაროდ, ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს შემაკავებელი ზომების გატარების კუთხით, რადგან რომ არა ის ზომები, რასაც ხელისუფლება ატარებს, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა,"- აღნიშნავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

2008 წლის 11 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი გმირი შეეწირა. მეომართა ოჯახის წევრები და მათი თანამებრძოლები დღეს დილიდან მემორიალთან ისევ შეიკრიბნენ და გაიხსენეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები. მათი სულების მოსახსენიებლად დილიდან გმირთა მემორიალთან მდებარე ტაძარში პარაკლისი აღევლინა.

დღის ამბები