29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს 

"კოვიდ-19"-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518  მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.

ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად ტრანსპორტის მობილიზება მოხდა. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინო ზონების მიმართულებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანას. საჭიროების შემთხვევაში სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება.

ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები:
ბანგურიანი, თეთნულდი, ჩუბუ, ელიტჰაუზი, პლაზა მესტია, ოლდჰაუზი, ფოსტა, სვანსეტი, სვანეთი, უშბა, რივერსაიდი, სანთაუერი, სანსეტ ტერასა, ნინო რატიანი, გერა, დავით ჟორჟოლიანი, მანონი, ბაპშა, შალე, ელტური

ამ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში სულ 340 ნომერია, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, ხოლო 158 თავისუფალია. 

ამჟამინდელი მონაცემებით, სვანეთში 128 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში სხვადასხვა სასტუმროებიდან გადაიყვანეს, 215 ადამიანი კი არსებულ სასტუმროებში დარჩა, რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა.

დღის ამბები