29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების წარდგენა თელავიდან დაიწყო

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში კახეთის ყოფილი რწმუნებული არჩევნებში ბრძოლას მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსით იწყებს. მმართველმა პარტიამ რეგიონებში კანდიდატების წარდგენა დაიწყო. ირაკლი ქადაგიშვილი 2016 წლიდან კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტში საქმიანობას კი, სწორედ მის მიერ 4 წლის განმავლობაში განვლილი გზის გაგრძელებად მიიჩნევს.   

მომავალზე პრემიერ-მინისტრმა ჯერ თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში, მოგვიანებით კი ახმეტაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა. ფერმერების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება და საგანმანათლებლო პროექტების გაგრძელება - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რაზეც პრემიერმა აქცენტი გააკეთა. სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩატარებულ სამუშაოებზეც ისაუბრა.  

სამთავრობო გუნდის გარდა ირაკლი ქადაგიშვილის უპირატესობებზე საუბრობდნენ ერეკლე მეფის სასახლეში შეკრებილებიც. კანდიდატის წარდგენას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.  

თელავში, ერეკლე მეფის სასახლიდან მაჟორიტარობის კანდიდატი პრემიერმა, "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად ახმეტაში შეკრებილ მოსახლოებას წარუდგინა. სიტყვით გამოსვლების ნაწილი, პოლიტიკურ განცხადებებს და ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას დაეთმო.

ირაკლი ქადაგიშვილის მხარდამჭერები მის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. ამბობენ, რომ ის გუბერნატორობის დროს რეგიონის პრობლემებს კარგად გაეცნო და მათ მოგვარებას ახალი სტატუსით შეეცდება.

კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად პრემიერმა, პარტიის ლიდერებთან ერთად "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მოინახულა. 

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების წარდგენა დღეს თელავიდან დაიწყო. პარტიაში ამბობენ, რომ ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატებს ინდივიდუალურად ყველა საარჩევნო ოლქში წარუდგენენ. 

დღის ამბები