29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ვითარება ახალქალაქში სისხლიანი დაპირისპირებიდან 3 დღის შემდეგ - პოლიციელების მობილიზება "კურიერის" კამერამ დღეს სოფელ გულიკამთან დააფიქსირა

პოლიციელების მობილიზება "კურიერის" კამერამ დღეს სოფელ გულიკამთან დააფიქსირა. მოკლული ვართან მირანიანის სოფელში სამართალდამცველები რამდენიმე საათის წინ გამოჩნდნენ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა 8 აგვისტოს ინციდენტში მონაწილე პირების წრე გაფართოვდეს. 

მირიანიანებსა და გაბრიელიანებს შორის წლების წინ დაწყებული უთანხმოების მიზეზებზე საუბარი კამერის წინ არ სურთ მოკლული მამაკაცის თანასოფლელებს, თუმცა, პირად საუბარში ამტკიცებენ, რომ დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცს მიზანმიმართულად მოსაკლავად ჩაუსაფრდა. გულიკამში გარდაცვლილ ვართან მირანიანს უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებენ.

ინცინდენტის განსხვავებული ვერსია აქვთ გაბრიელიანის ოჯახის ნათესავებს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ახლობელი აცხადებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მირიანიანმა გაბრიელიანის მამა და ძმა სასტიკად სცემა. ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს და არ გამორიცხავს, რომ მათ სახლებზე თავდასხმა კვლავ განმეორდეს.

დარბევის განმეორებას არ გამორიცხავს სამველ გაბრიელიანიც. მკვლელობაში ბრალდებულის მამა 8 აგვისტოს ღამით განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, ოჯახის წევრები სიკვდილს ერთხელ უკვე გადაარჩინა და არ სურს კონფლიქტს კიდევ ვინმე შეეწიროს. რაც შეეხება დაპირისპირების დეტალებს, გაბრიელიანს ამაზე საუბარი არ სურს.

ახალქალაქში 8 აგვისტოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავა. დაკავებულს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით უკვე წარუდგინა. საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს არტურ გაბრიელიანისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თხოვნით უკვე მიმართა. პარალელურად იმ პირთა წრის დადგენა მიმდინარეობს, ვინც სახლების დარბევასა და დაწვაში მონაწილეობდა.

დღის ამბები