29 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
თბილისში მაჟორიტარი კანდიდატის ორი შეუთანხმებელი ოლქიდან ერთ-ერთის დაკავება ზურაბ ჯაფარიძეს სურს

თბილისში დარჩენილი ორი შეუთანხმებელი ოლქიდან, ერთ-ერთის დაკავება ზურა ჯაფარიძემ, საერთო კანდიდატებზე მოლაპარაკების გაჭიანურების გამო გადაწყვიტა. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ მათ რამდენიმე ლიდერთან კონსულტაციაც ჰქონდა.

"გირჩის" დამფუძნებელი ელოდება, რომ პირისპირ გამოხატული კეთილგანწყობა პოლიტიკურ მხარდაჭერად გადაითარგმნება და ის საკუთარ ძალებს "ქართული ოცნების" კანდიდატის წინააღმდეგ, როგორც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ისე მოსინჯავს.

იქნება თუ არა ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მხარდაჭერილი ერთიანი კანდიდატი - ამ კითხვას პასუხი მაგიდის გარშემო შეკრებილმა ოპოზიციურმა ერთობამ უნდა გასცეს. პოლიტიკური ლიდერების საბოლოო პოზიცია სავარაუდოდ კვირის ბოლოს გვეცოდინება. თუმცა, კონსულტაციამდე, ყოფილ თანაგუნდელს, გიგა ბოკერია "ევროპული საქართველოს" სახელით სრულ მხარდაჭერას უკვე დღეს უცხადებს. ზურაბ ჯაფარიძეს, როგორც ერთიან კანდიდატს. "ლეიბორისტების" მხარდაჭერაც აქვს.

"გირჩის" ლიდერი მოსწონთ, თუმცა, მიიღებს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე, როგორც ერთიანი კანდიდატი, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას, პარტიას მოსაფიქრებლად დრო 
სჭირდება. ამბობენ, რომ საბოლოო სათქმელი პოლიტსაბჭომ უნდა თქვას.

ამ პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გაზრდის თუ არა თბილისში "ნაციონალური მოძრაობა" კანდიდატების რაოდენობას და დააყენებს თუ არა დიდუბე-ჩუღურეთშიც ოპოზიციისგან დამოუკიდებლად საკუთარ ფიგურას.

ექნება თუ არა ზურაბ ჯაფარიძეს გიორგი ვაშაძისა და ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერა - დღეს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მოვისმინეთ. თქვეს, რომ საბოლოო პოზიციას კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებენ.

გია ვოლსკი კი კითხვაზე - რამდენად წონიანი კონკურენტია მისთვის ზურაბ ჯაფარიძე, პასუხობს, რომ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატმა "გირჩის" დამფუძნებელს "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა გაუხსენა და საბჭოურ წარსულზე, რომელიც დღეს ოპონენტებმა არაერთხელ ახსენეს, კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

არ არის გამორიცხული, რომ "გირჩის" დამფუძნებლის თემაზე კონსულტაციებისთვის შეკრებილმა ოპოზიციამ, ღიად დარჩენილი, საბურთალოს საარჩევნო ოლქის საკითხიც გადაწყვიტოს.

მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებას დარჩენილ ორ ოლქში, დეტალები კვირის ბოლომდე უნდა გაირკვეს.

დღის ამბები