29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ბლოკ-პოსტები და პოლიცია სვანეთში - მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა

სვანეთი რამდენიმე საათია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებით ცხოვრობს. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. შესასვლელებში უკვე განთავსებულია ბლოკპოსტები, რომელსაც სამართალდამცველები აკონტროლებენ. დამსვენებლები დღეს მუნიციპალიტეტში ვეღარ შევიდნენ, ტერიტორიაზე მხოლოდ ის მოქალაქეები შეუშვეს, რომლებმაც დაბა დილით დატოვეს.  

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების და რისკების გათვალისწინებით, ტერიტორიაზე ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის კვების ობიექტებს აქვთ. საკარანტინო სივრცეების თავშეყრის ადგილებში დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება მკაცრად გაკონტროლდება.

მესტიის მუნიციპალიტეტში მასობრივი ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდება. ადგილზე უკვე სპეციალისტთა 5 ჯგუფი მუშაობს. საკარანტინოდ კი, წესისამებრ 28 დღე განისაზღვრა. ყველა მოქალაქე, რომელიც მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.

ჯერჯერობით სვანეთს ვერ დატოვებენ ვერც რეგიონში დასასვენებლად მყოფი მოქალაქეები. ტურისტებს საწყის ეტაპზე იმ სასტუმროებსა და ადგილებში დარჩენა მოუწევთ, სადაც არიან განთავსებულნი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი საკარანტინო პერიოდს სვანეთში გაივლიან ან სურვილისამებრ სხვადასხვა სივრცეში გადანაწილდებიან.

ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალურად შექმნილი რეგიონალური შტაბი. სვანეთში უკვე გაემგზავრა რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტის და მედიკამენტების მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება.

მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ ინფექციონისტები. სპეციალისტები კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული წესების უგულებელყოფის შემთხვევაში ინფიცირების გაზრდილ რისკებზე საუბრობენ.

მესტიაში დადასტურებული კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 7 მესტიის მკვიდრი, დანარჩენი კი ჩასული სტუმრები არიან. ინფექციის პირველწყარო მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფი მამაკაცია. ყველა ინფიცირებული გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ინფიცირებულების ნაწილი თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში, ნაწილი კი ზუგდიდის ცხელების ცენტრშია გადანაწილებული. 

საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველები გააკონტროლებენ. მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო 2 კვირის მანძილზე უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში იმყოფებოდნენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

 

დღის ამბები