29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
დაბა მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა

მესტიის მინიციპალიტეტში, უშგულსა და  ლენჯერში საკარანტინე  შეზღუდვები დაწესდა - გადაწყვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა. 

"სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად 30 აღებული სინჯიდან დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა. ინფიცირებულთა კონტაქტების ფართო წრის გათვალისწინებით, მათ შორის დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

დაბა მესტიასა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენტეხში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები.

გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელების ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივების დახმარებას.მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ ცხელების ცენტრებს,"- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი უკავშირდება სვანეთის რეგიონს, სადაც კორონავირუსი 17 პაციენტს დაუდასტურდა.

დღის ამბები