29 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
COVID-19-ის მზარდი სტატისტიკის ფონზე ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება

ათასობით დემონსტრანტი ისრაელის ქუჩებში ერთმა მოთხოვნამ გამოიყვანა. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერის გადადგომას ითხოვენ. პროტესტის მიზეზი - პანდემიის წინააღმდეგ მთვარობის მეთაურის არაეფექტიანი პოლიტიკაა. საპროტესტო მუხტის მატებასთან ერთად, ისრაელში მზარდია ინფიცირებულთა რიცხვიც. ქვეყანაში ბოლო 24 საათში "კოვიდ-19" 1,400-მდე ადამიანს დაუდგინდა.

"კოვიდ-19" და მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა გერმანიაშიც. მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა შტუტგარდის მოსახლეობაც. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გერმანიის ხელისუფლებამ, რუმინეთისა და ბულგარეთის რამდენიმე რეგიონი რისკის ზონად გამოაცხადა. რუმინეთის შვიდი და ბულგარეთის სამი რეგიონიდან გერმანიაში ჩასული მგზავრები ვალდებული იქნებიან, კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ. ბოლო 24 საათში ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გერმანიის მსგავსად, მზარდია სტატისტიკა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. იტალიას დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 347-ით, ბელგიას კი 641-ით გაეზარდა.

კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი მზარდია სამხრეთ ამერიკაშიც. მექსიკაში ბოლო 24 საათში 7 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა. პერუში კი ეს მონაცემი 8 ათასს შეადგენს. შემთხვევების რაოდენობა იმატებს ინდოეთშიც, სადაც ერთ დღეში ვირუსი 5 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის ეპიცენტრად რჩება ამერიკის შეერთებული შტატები. აქ ერთ დღეში ვირუსის 55 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა. მზარდი სტატისტიკის ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც თეთრი სახლი კონგრესის გვერდის ავლით კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ეკონომიკასა და მოქალაქეებს დაეხმარება. გაგრძელდება უმუშევართა დახმარების პროგრამა. ბენეფიციარები კვირაში 400$-ით გაზრდილ დახმარებას მიიღებენ. მოქალაქეები კი, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას დოლარზე ნაკლები იქნება, იმ გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის და სხვა ფედერალური პროგრამებისთვის გამოიყენება. შეღავათით ისარგებლებენ სტუდენტებიც.

"კოვიდ- 9"-ით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა იზრდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში სომხეთში ვირუსის 230-მდე შემთხვევა დადასტურდა, აზერბაიჯანში ეს მონაცემი - 105-ს შეადგენს, უკრაინაში ინფიცირების 1,500-მდე ახალი შემთხვევაა. რაც შეეხება თურქეთს, დღე-ღამეში ქვეყანას 1200-მდე პაციენტი დაემატა.

"კოვიდ-19"-ის მზარდი სტატისტიკის ფონზე კი ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Global Times ავრცელებს. იმავე წყაროს ცნობით, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 7 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 60-ს მიაღწია. გამოცემის ცნობით, 37-ზე მეტი ადამიანი ძიანსუს პროვინციაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაინფიცირდა, მოგვიანებით კი 23 ადამიანს ინფექცია ანხოის პროვინციაში აღმოუჩინეს.

Global Times სპეციალისტებზე დაყრნობით წერს, რომ ვირუსი, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვლინდა, ტკიპისგან დაინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სისხლით ან ლორწოთი გადაეცემა.

დღის ამბები