29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა ახალი ფიგურანტები გამოიკვეთოს​

იმ ჩვენებებმა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის 18 ტომიან საქმეში დევს, შეიძლება საქმის ახალი ფიგურანტები გამოკვეთოს. ახალგაზრდა ქალის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მტკიცებულებებსა და ჩვენებებს ეტაპობრივად ეცნობა. როგორც რამიშვილი ამბობს, საქმის მასალებმა მას არაერთი დამატებითი კითხვა გაუჩინა და გარდაცვალების რამდენიმე ვერსიაც გამორიცხა, თუმცა კონკრეტულად რაზე საუბრობს ადვოკატი უცნობია. მან დეტალების დაზუსტება აღარ ისურვა. რამიშვილი ითხოვს გამოძიებამ ყველა ის პირი გამოკითხოს, ვინც ბაჩალიაშვილის გაუჩინარებაზე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს.

მომდევნო კვირაში ოჯახი დრონის კადრებს გაეცნობა - უნდა გაირკვეს, ემთხვევა თუ არა ჩანაწერების დრო იმ პერიოდს, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილს სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადვოკატი ელოდება, როდის ჩაუტარდება ახალგაზრდა ქალის მანქანას ექსპერტიზა, რამიშვილის მოთხოვნაა ამ პროცესს დაესწროს. დაზარალებული მხარე ასევე ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მოლოდინშია.

ექსპერტიზის მოლოდინშია ოჯახიც. ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ვარაუდით, საგამოძიებო უწყება მანქანის ექსპერტიზას ასე იმიტომ აჭიანურებს, რომ ყველა საეჭვო კვალი, რომელიც შეიძლება ბაჩალიაშვილის საქმეში გადამწყვეტი იყოს, გააქროს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დღეს მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველაფერი, რაც ვრცელდება სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ამ ფორმით საგამოძიებო უწყება ცდილობს მისი შვილის გარდაცვალების საქმე ობიექტურად არ გამოიძიოს.

მოსამართლის განჩინება უკვე გაასაჩივრა კომპანია "ზეგმა." საუბარია 1 აგვიტოს სასამართლოს მიერ გაცემულ ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც გამოძიებას უფლება მიეცა კომპანიის ხუთი თანამშრომლის სახლში შესულიყო და ჩხრეკა ჩაეტარებინა, ამ დროს გამოძიებამ თანამშრომელთა როგორც პირადი, ასევე მათი ოჯახის წევრების კომპიუტერები ამოიღო.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს. ოჯახი ამ დრომდე ელოდება, როდის ჩაერთვება საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიურო და როდის ჩაუტარდება ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომობილს ექსპერტიზა.

დღის ამბები