თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების გარკვეული დეტალების გავრცელების პარალელურად საგამოძიებო უწყებების მიმართ ოჯახის წევრების უნდობლობაც იზრდება. ამჯერად ბაჩალიაშვილების პრეტენზია გარდაცვლილი გოგონას ტელეფონის ექსპერტიზის პროცესს უკავშირდება. თამარ ბაჩალიაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მისი შვილის მობილურიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს.
ოჯახს ეჭვს ის გარემოება უჩენს, რომლის მიხედვითაც, როგორც ოჯახი ამბობს გამოძიებამ ვალდებულება არ შეასრულა და თამარ ბაჩალიაშვილის დალუქული ტელეფონის გახსნის პროცესს ადვოკატი ვერ დაესწრო. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გოგონას მობილურის ექსპერტიზა 24 ივლისს დაიწყო ოჯახისთვის კი, ცნობილი დღეს გახდა. მისი თქმით, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა ნაწილობრივ უკვე დასრულებულია და საკმაოდ მოცულობითი, 99 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაციაა ამოღებული.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დატოვების შემდეგ, მედიასთან საქმესთან დაკავშირებული პირველი კომენტარი გააკეთა გარდაცვლილის ძმამაც. გიორგი ბაჩალიაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მისი ოჯახის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტონ.
სამართლებრივ ჭრილში ბრძოლას იწყებენ და მოსამართლის განჩინებას ასაჩივრებენ კომპანია ZAG-ის ადვოკატები. საუბარია 1 აგვიტოს სასამართლოს მიერ გაცემულ ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც გამოძიებას უფლება მიეცა კომპანიის ხუთი თანამშრომლის სახლში შესულიყო და იქ ჩხრეკა ჩაეტარებინა. ამ საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოძიებამ როგორც პირადი, ასევე ოჯახის წევრების კომპიუტერები ამოიღო.
ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახის წევრების კიდევ ერთი, ახალი მოთხოვნა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზას უკავშირდება. ოჯახის ადვოკატი საგამოძიებო სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ დალუქული ავტომანქანა მის გარეშე არ გაიხსნას.