29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
12 წელი აგვისტოს ომიდან - ძმათა სასაფლაოზე გაკეთებული განცხადებების მთავარი თემა ოკუპაციისა და რუსული აგრესიის შეჩერების აუცილებლობა იყო

რუსული აგრესიის და ოკუპაციის გმირები აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე პრეზიდენტი, პრემიერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად მივიდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ქვეყნის პირველმა პირებმა ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარ გამოწვევაზე - ოკუპაციასა და რუსული აგრესიის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ოკუპაცია, რომ არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება ამაზე ვრცლად ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი ომის მძიმე შედეგებთან საბრძოლველად გამოსავალს პრაგმატულ პოლიტიკაში ხედავს. დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე ძირითადად მომავალზე საუბრობდნენ, თუმცა გაიხსენეს წარსულიც და მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებებიც. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებაც, რომ მან აგვისტოს ომის და რუსული პროპაგანდის შესახებ ჰააგაში სარეკომენდაციო დასკვნა შეიტანა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების შვილებსა და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.

წინა წლების მსგავსად მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაო დღესაც ყველა პოლიტიკური ძალის შეკრების ეპიცენტრი იყო. არასაპარლამენტო და საპარლამენტო ძალებმა ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ 12 წლის შემდეგაც ოკუპაციის მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

8 აგვისტოს მოვლენები და ის, რომ ოკუპაცია დღესაც გრძელდება "ლეიბორისტულმა” პარტიამ საზოგადოებას სოფელ ოძისიდან შეახსენა, სოფლიდან, რომელიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან მავთულხლართით არის გაყოფილი. გმირები გაიხსენეს შინდისშიც, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის, დროს ქართველი სამხედროების გმირობის ყველაზე მძიმე ადგილია.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის დეოკუპაციის მთავარ გზად მთავრობის მიერ არჩეულ სამშვიდობო პოლიტიკაში ხედავენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩრდილოელი მეზობლის აგრესიის შეჩერება მხოლოდ მშვიდობით და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი და ამ გზიდან გადახვევა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი იქნება.

12 წლის შემდეგაც ადამიანის უფლებების დარღვევა, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა, მცოცავი ოკუპაცია და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალქეებისთვის უკვე ყოველდღიურობაა.

დღის ამბები