29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ხელისუფლების არჩევნებით ცვლა ისტორიაში მეორედ, რეალისტურს გახდის NATO-ში გაწევრიანებას - გიორგი კანდელაკი

დასავლელი პარტნიორების მხრიდან იმის შეხსენებას, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მომავალი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან:

"აზრი იმის შესახებ, რომ ხელისუფლების არჩევნებით ცვლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მეორედ, იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რაც დაახლოებს ჩვენს ქვეყანას ცივილიზებული ქვეყნების ოჯახთან და რეალისტურს გახდის მაგალითად NATO-ში გაწევრიანებას, ეს აზრი არის საბოლოოდ განმტკიცებული, კრისტალიზირებული და ჩამოყალიბებული,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ რუსეთი განსაკუთრებულად შეეცდება ამ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას:

"რუსეთს უნდა რომ ზეგავლენა მოახდინოს საქართველოზე, ისევე როგორც ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს უკრაინაზე, მოლდოვაზე და სხვა ნებისმიერ სახელმწიფოზე. ამერიკაზე ახდენს და ჩვენზე რა იქნება წარმოგიდგენიათ, შესაბამისად ეს ვითარება გვაქვს" - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"გირჩის" ლიდერს მოლოდინი აქვს, რომ რუსეთი ეცდება ხელი შეუწყოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პრორუსული ძალების მოხვედრას:

"ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ხაზგასმა იმაზე, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რის გამოც ჩვენ საერთოდ ყურადღების ცენტრში ვართ. რუსეთი ეცდება, რომ საქართველოში წაახალისოს პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები და ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოში მათ წარმოდგენას უფრო მეტად, ვიდრე იმ ძალებს რომლებიც არიან ანტირუსულად და პროდასავლურად განწყობილი," - აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

დღის ამბები