29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ბაჩალიაშვილის ოჯახის და ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზაზე მისულებს პროგრამისტის ტელეფონის უკვე გახსნილი დახვდათ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ადვოკატმა და მშობლებმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ცოტა ხნის წინ დატოვეს. აქ დაღუპული პროგრამისტის ტელეფონის ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მათი ინფორმაციით, მათ მობილური უკვე გახსნილი დახვდათ. უფლებადამცველის განცხადებით, ისევე როგორც ეს ლეპტოპის შემთხვევაში მოხდა, ის გამოძიებამ მათ გარეშე, 24 ივნისს გახსნა.

"ჩემი გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ მთელი ეს პერიოდი გამომძიებელი და ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია, რომელსაც ვეუბნები და შუამდგომლობა დაყენებული მაქვს, რომ არ უნდა მომხდარიყო გახსნა, მაინც გახსნილა, მაინც ჩატარებულა ექსპერტიზა და შუალედური პროცედურები ყველაფერი განხორციელებულა და დღეს კლონირება დასრულებულია, 99 გიგაბაიტია მთელი ინფორმაცია მობილური ტელეფონის. პროტესტის ნიშნად იმ მონაცემებს აღარ გავეცანი.

მე მიკვირს, რომ 28 როცა აქ ვიყავი და მიდიოდა ერთი ამბავი, რომ რატომ მოხდა ლეპტოპის გახსნა, თურმე 24 უკვე დაწყებული იყო. როდესაც კამათი მოგვდის და წინასწარ არ მეუბნები მობილურის  ექსპერტიზას პროცედურის დაწყებას და მიმალავ, ეს უკვე ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. არ არის საჭირო ეს ორმაგი სტანდარტები, თუ რამე მოვლენებს ასწრებენ და შეცდომა მოსდით, თქვან სიმართლე," - აცხადებს  მიხეილ რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვს რომ ტელეფონი ხელახლა დაილუქოს:

"ჩვენ დავრჩით ძაან უკმაყოფილო და მოვითხოვეთ ხელახლა დაილუქოს ეს და წავიდეს ძიება. იყო რაღაც დეტალები, კომპიუტერი ხო გაიხსნა, ესეც დაგვახვედრეს ისე. არ ვიცი ვის აფარებენ ხელს," - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

დღის ამბები