29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
"მშვიდად ვართო, ეს მასთან ბოლო საუბარი იყო" - აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ოჯახის წევრები იხსენებენ

ქვეყანა დღეს ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან ხალხმრავლობაა.

გმირებს, რომლებიც 2008 წელს რუსულ აგრესიას შეეწირნენ, დილიდან პატივს მიაგებენ მოქალაქეები, მთავრობა, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები.

დაღუპული გმირების ოჯახის წევრები "კურიერთან" ყვებიან იმ დღის შესახებ, როდესაც მათ ომში მონაწილე და სამშობლოსათვის თავგანწირული ჯარისკაცები ბოლოს ნახეს: 

"მამაჩემი არ მახსოვს, მაგრამ გადმოცემით ვიცი ჩემი ნათესავებისგან, რომ იყო ძალიან მაღალი და ძლიერი. ჩემი ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ ქვეყანაში და გარდაცვლილ ბიჭებს დაუფასდეთ თავდადება სამშობლოსთვის,"- აცხადებს აგვისტოს ომში დაღუპულ სერჟანტ უშანგი სოფრომაძის შვილი ზაზა სოფრომაძე.

"42 წლის იყო, მიზნები და გეგმები ბევრი ჰქონდა, გვეამაყება, რომ გმირი ზურაბ ნაჭყებიას შვილები ვართ","- ამბობს აგვისტოს ომში დაღუპულ უფროს სერჟანტ ზურაბ ნაჭყებიას შვილი ნანა ნაჭყებია.

"ბოლო კონტაქტში ტელეფონით გვქონდა 7 აგვისტოს, საღამოს. მშვიდად ვართო, თურმე ამ დროს ოსეთის მისადგომებთან ყოფილად. ეს ბოლო საუბარი იყო მასთან,"- იხსენებს აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ სერგეი გოროზიას დედა მზია გოროზია.

"ეს დღე ჩემთვის ოკუპაციის დღეა. ჩემი შვილი კვირაში ორჯერ მაინც ამოდიოდა ხოლმე ძმათა სასაფლაოზე და თავისებურ პატივს მიაგებდა ომში დაღუპულ გმირებს,"- აცხადებს სეპარატისტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა გივი ტატუნაშვილი.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულთაგან ყველას სურვილი ერთია: თავდადებული ჯარისკაცების ღვაწლი იყოს დაფასებული და მალე აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. 

დღის ამბები