29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
კრემლს აგრესიისთვის ტრადიციული გზები აღარ ჰყოფნის - "გლობალური ჩართულობის ცენტრმა" ანგარიშში დეზინფორმაციის ველზე მოსკოვს წამყვანი ადგილი მიაკუთვნა

უკვე დიდი ხანია აგრესიისთვის კრემლს ტრადიციული გზები აღარ ჰყოფნის. ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ იგი აქტიურად ცდილობს დაიპყროს ადამიანების გონება. რუსი ტექნოლოგები მსხვერპლს შენიღბული ან საკმაოდ ღია მეთოდებით უტევენ. ამას ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი ანგარიშიც, რომლითაც "გლობალური ჩართულობის ცენტრმა" რუსული ტაქტიკა გამოააშკარავა და დეზინფორმაციის ველზე მოსკოვს წამყვანი ადგილი მიაკუთვნა. არაერთ მაგალითში საქართველოც მოხვდა.

ანგარიშში სხვა მედიასაშუალებებთან ერთად საუბარია რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს, "როსკომნადზორის" მიერ ანექსირებულ ყირიმში დაფუძნებულ "ნიუს ფრონტზე", რომელიც ახალ და მცდარ ამბებს 7 ენაზე აქვეყნებს. მასალა კრემლისტური ნარატივებით  ისეთ თემებზე იქმნება, როგორიცაა უკრაინის კონფლიქტი, ყირიმის ანექსია, სირიის ომი, აშშ-ის არჩევნები, NATO და COVID-19. სააგენტოს მანიპულაციები ISFED-მაც იკვლია, რომლის ანალიტიკოსი წლებია გვერდის აქტივობებს აკვირდება.

მოსაზრებების რადიკალიზაცია მოსკოვს საკუთარი ინტერესების უკეთ გასატარებლად სჭირდება და ამისთვის ბევრი სხვა პლატფორმაც აქვს. მედიის განვითარების ფონდის მკვლევარის დაკვირვებით რუსეთის მთავარი ხაზი საქართველოში ანტიდასავლური ნარატივებია, რომელიც 2014 წლიდან განსაკუთრებით გააქტიურდა.

მკვლევარზე დაყრდნობით მოსკოვი 3 წყაროს იყენებს: 1. რუსეთის სახელმწიფო უწყებები,მაგალითად საგარეო უწყება; 2. მათ მიერ დაფინანსებული მედია, მაგალითად რაშა თუდეი; 3. ე.წ. პროქსიმედიები, სააგენტოების ფართო ქსელი, რომელიც კრემლის დღის წესრიგს აჟღერებენ.

COVID-19-ის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ მოსკოვის მეთოდები ევოლუციონირდება. ბოლო პერიოდში ისინი აქტიურად ეწევიან ჯანდაცვის სექტორზე თავდასხმას ისეთი ამბებით, თითქოს კორონა საქართველოდან ან ამერიკიდან მოდის, რომ ლუგარში საშიში ცდები ტარდება, რომ ვაქცინა შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი ნაწილია და ა.შ.

გერმანული გამოცემა "ბილდი" აგვისტოს ომიდან 12 წლის თავისადმი მიძღვნილ დღევანდელ სტატიაშიც წერს, რომ კრემლმა პანდემიისას თავისი ჰიბრიდული არსენალი გააფართოვა და ვირუსის გავრცელებაში ბრალი საქართველოს დასდო. როგორც სტატიის ავტორი წერს, რუსული ტაქტიკა მიმართულია "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის" წინააღმდეგ", რომელშიც კორონავირუსზე ტესტები ტარდება.

დეზინფორმაციული კამპანიით შეწუხებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორიც. ტედროს ადჰანო გებრეიესუსი ამბობს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დეზინფორმაციასთან ბრძოლაც უწევს.

ოლეგ პამფილოვი თავის ახალ წიგნში რუსული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად გვიყვება, ომამდე და ომის შემდეგ. ის თვლის, რომ ჰიბრიდული ომი მოსკოვმა არა 2008 წლის სამხედრო დაპირისპირებით , არამედ გაცილებით ადრე დაიწყო, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საქართველომ NATO-სა და ევროკავშირზე საუბარი ხმამაღლა დაიწყო და ამაში დასავლეთის მხარდაჭერაც მიიღო. მკვლევარისთვის რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია კრახისთვისაა განწირული.

ვიდრე მოსკოვში საქართველოსა და მეზობლების წინააღმდეგ წამოწყებულ ჰიბრიდულ ომში ახალი მეთოდების შემუშავებით არიან დაკავებულები, თემის მკვლევარები საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით გაცილებით ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები