29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
აგვისტოს მოვლენებიდან 12 წლის შემდეგაც ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა

აგვისტოს მოვლენებიდან 12 წლის შემდეგაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა. დღესაც, როგორც წლების წინ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას მოითხოვს.

"შეწყდეს გაშმაგებული "ბორდერიზაციის" პროცესი, დასრულდეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები," - ამ სიტყვებით და ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ რუსეთის აგრესიის მე-12 წლისთავს, დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი. აგვისტოს მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა და ანდრიუს კუბილიუსმა. ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დგას.

იმპერიალისტი რუსეთის აგრესია, საოკუპაციო ძალების გაფართოება და უკანონო ბორდერიზაცია ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გავრცელებულ განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ვაშინგტონმა მოსკოვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ შეახსენა.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას მოუწოდებს ნორვეგიის საელჩოც. რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს უკრაინამ, რუმინეთმა და ლიეტუვამ.

ქართველ ერს სოლიდარობა გამოუცხადეს ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმაც. სტიუარტ მაკდონალდმა და ჯონათან ჯანოღლიმ მხარდამჭერ განცხადებებში აღნიშნეს, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო და კიბერაგრესიას განაგრძობს.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, რუსეთი ისევ ქართული მიწის ანექსიას ახორციელებს. პარალელურად მოსკოვი არც ჰიბრიდულ ომს ერიდება და აგრესიულ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ კიდევ უფრო აძლიერებს.

დღის ამბები