29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
12 წელი ომიდან - მავთულხლართებით გაყოფილი საქართველო და რუსული აგრესია, რომელიც დღემდე გრძელდება 

რუსული აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველოს მთავარ გამოწვევად და საფრთხედ რჩება. 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის დროს 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 130 ათას ადამიანს იძულებით მოუხდა საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. 30 ათასამდე მოქალაქე კი ამ დრომდე საკუთარ ქვეყანაში დევნილია.    

მშვიდობის უალტერნატივობაში ხედავს პრემიერ-მინისტრი დეოკუპაციის მომავალს. ვრცელ განცხადებაში გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანა ოკუპაციას არასდროს შეეგუება და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს. 

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ქვეყნის პირველი დიპლომატი აღნიშნავს, საქართველოს ინტენსიური სამშვიდობო პოლიტიკის მიუხედავად, პროცესი ჩიხშია და საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების იმედი აქვს.

ქვეყნის დეოკუპაციას რომ პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა სჭირდება, ამაზე თავდაცვის მინისტრი საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილს სჯერა, რომ ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია.

მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაო იყო დღეს ოპოზიციის პოლიტიკური განცხადებების და რუსული აგრესიის გახსენების ადგილი. ხელისუფლების ოპონენტები ომში დაღუპული გმირების პატივისცემის პარალელურად, თითქმის ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დეოკუპაციისთვის ბრძოლაში ხელისუფლებას და სხვა პოლიტიკურ ძალებს განსხვავებული პოზიციები არ უნდა ჰქონდეთ.

2008 წლის ომის მძიმე შედეგებზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად ყველაზე ეფექტურ გზას - საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას ალტერნატივა არ აქვს და ამიტომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე ისევ აქტიურია.  

დეოკუპაციის მომავალს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი განსხვავებულად ხედავენ. ნინო ბურჯანაძე ქვეყნის გაერთიანებისთვის ყველა მეთოდის გამოყენების, მათ შორის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. თინა ხიდაშელი კი, აქცენტს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე აკეთებს.

რუსეთის წინააღმდეგ საქართველო სამართლებრივადაც იბრძვის. იუსტიციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდება. 

12 წლის შემდეგაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ისევ დარღვევა, მცოცავი ოკუპაცია და რუსი ოკუპანტების უკანონო მოქმედებებიც თითქმის ყოველდღიურობა გახდა.

დღის ამბები