29 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
რა საქმიანობას ეწეოდა კომპანია "ზეგ", სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა - კომპანიის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მოცულობით საქმეს ახალი მტკიცებულებები დაემატა. კომპანია "ზეგ"-ის თანამშრომლების პირადი კომპიუტერები რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დაილუქა. კომპანიის 5 თანამშრომლის, მათ შორის დირექტორისა და ტექნიკური მენეჯერების საცხოვრებელი სახლებიდან პირადის გარდა ამოღებულია, ოჯახის სხვა წევრების ციფრული ტექნიკაც.

კომპანია "ზეგ-"ის თანამშრომლების ბინებში საგამოძიებო მოქმედება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. ჯერ უცნობია რეალურად რა ახალი გარემოებების გამოკვეთის შემდეგ დაიგეგმა საპროცესო ღონისძიება. მისამართებზე მისულმა სამართალდამცველებმა მხოლოდ მოსამართლის ნებართვა წარადგინეს. ამ განჩინების შინაარსობრივი ნაწილის გასაჩივრებას აპირებენ ადვოკატები.

დღესვე ცნობილი გახდა კომპანია "ზეგ"-ის საქმიანობის კიდევ უფრო მეტი დეტალი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი უცხოურ საიტებს, მათ შორის პორნოგრაფიულსაც, ტექნიკურად უზრუნველყოფენ. იურისტები ამბობენ, რომ თანამშრომლებს მხოლოდ ციფრულ მონაცემებთან აქვთ შეხება და მარტო დეველოპერულ საქმიანობას ეწევიან.

თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული პირების ჩვენებებს დღეს კიდევ ერთხელ გაეცნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი. საგამოძიებო უწყებაში მიმდინარე თითქმის 2 საათიან შეხვედრაზე იმ სოლიდურ ანაბარზეც ისაუბრეს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის სახელზე ერთ-ერთ ბანკშია გახსნილი.

გარდაცვლილი პროგრამისტი გოგონას ოჯახის წევრები პოზიციას არ იცვლიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ უნდობლობას უცხადებენ. იმედი აქვთ, რომ მთავარი პროკურორი დაპირებას შეასრულებს და საქმეს ამერიკელი ფედერალების დახმარებით ობიექტურად გამოიძიებენ.

კიდევ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ჯერჯერობით უცნობია. ოჯახმა გამომძიებლისგან მიიღო დაპირება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს მხოლოდ დაზარალებულ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ გაასაჯაროვებს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები