29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იანი თანადაფინანსება - თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა

კაპიტანი მაკა ყურფარაშვილი უკვე 19 წელია, რაც თავდაცვის ძალებში მსახურობს. ის სამხედრო ექიმია და მსოფლიოს ცხელ წერტილებში ყოფნის გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ საქმე, რომელსაც ემსახურება რთულია, მაგრამ ამავე დროს საამაყო და საპასუხისმგებლო.

მაკა ყურფარაშვილი 22 წლის სტუდენტ შვილთან ერთად ცხოვრობს. გიორგი ახალი სასწავლო წლიდან კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლას სიახლით შეხვდება. 50%-იან გრანტს, რომელიც მას აქამდე ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული 50% დაემატება და ის სწავლის საფასურისგან გათავისუფლდება.

პროექტი, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს, დღეს დაიწყო. თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2,250 ლარის ნახევრის დაფარვას გულისხმობს.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ახალი პროექტი ჯარისკაცებზე ორიენტირებულ ახალ სოციალურ პოლიტიკას შექმნის და ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც არიან ჩართული.

თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის მიხედვით, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სამხედროებისა და მათი ოჯახის სტუდენტი წევრებისთვის, სემესტრულად 750 ლარის ოდენობით "მინისტრის სტიპენდიაც" დაწესდება.

დღის ამბები