29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი არაბირთვული აფეთქება - ბეირუთის კატასტროფამ ჰაერი მომწამვლელი გახადა

ბოლო მონაცემებით ბეირუთის აფეთქების შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი კი 5 ათასს აჭარბებს. მომხდარი ტრაგედიის გამო ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რის გამოც ლიბანელებმა ღია ცის ქვეშ დარჩენილებისთვის კამპანია "ჩვენი სახლები ღიაა" დაიწყეს. თანამოქალაქეები ერთმანეთს ღამის გასათევს სთავაზობენ. კატასტროფის ზონაში ლიბანელების დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან უკვე ჩავიდნენ. ევროკავშირი ლიბანის დასახმარებლად 33 მილიონ ევროს გამოყოფს.

მასშტაბური აფეთქების მომენტი ფოტოგრაფის ვიდეოკამერამ მაშინ დააფიქსირა, როცა თეთრ საქორწინო კაბაში გამოწყობილი ისრაა სელბანი კამერის წინ პოზირებდა. საბედნიეროდ ახალდაქორწინებული წყვილი იღბლიანი აღმოჩნდა და სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, თუმცა 4 აგვისტოს ტრაგედიამ 29 წლის ლიბანელი წყვილის ცხოვრება შეცვალა.

ახალგაზრდა წყვილისგან განსხვავებით ბეირუთის აფეთქება ტრაგიკულად დასრულდა 160-ზე მეტი ადამიანისთვის. დაშავდა ათასობით ადამიანი, ასობით პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

მასშტაბური აფეთქების საქმეზე პორტის რამდენიმე მაღალჩინოსანს გამოძიების დასრულებამდე შინაპატიმრობა შეუფარდეს. პოლიცია სამსახურებრივი გულგრილობის ვერსიას განიხილავს, რომლის გამოც, ტონობით ქიმიური ნივთიერება საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. ლიბანის პრეზიდენტმა დღეს ყველა სახელმწიფოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.

​ლიბანელებს სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთში და პარიზში სიმბოლურად ეიფელის კოშკი ჩააქრეს. ადგილზე ლიბანური დროშებითა და სანთლებით მისულმა მოქალაქეებმა ბეირუთში გარდაცვლილებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ბეირუთში გაემგზავრა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

საერთაშორისო მედიამ ბეირუთის აფეთქება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ არაბირთვულ აფეთქებად შეაფასა. საგანგაშოა დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობაც. აფეთქების შემდეგ ბეირუთში ჰაერი მომწამვლელი გახდა. მავნე ნივთიერებებმა, შესაძლოა, საფრთხე განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცების ჯანმრთელობას შეუქმნას. ორგანიზაცია Green Peace-მა მოსახლეობას თავის დასაცავად რესპირატორული ნიღბების გამოყენებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები