29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
კონფლიქტის მოგვარების პროცესს რუსული დესტრუქცია აფერხებს - გაეროს მორიგი მხარდამჭერი აქტი საქართველოს

გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად, დახურული შეხვედრა შედგა. დასკვნა ასეთია: კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესი მცირეა, პროცესს კი რუსული დესტრუქცია აფერხებს, კერძოდ: ბორდერიზაცია, გატაცებები, უკანონო სამხედრო ყოფნა, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, დეზინფორმაცია. ამ ყველაფრის ფონზე საქართველოსთვის გამოთქმული მხარდაჭერა კვლავ ძალაშია. დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ნორვეგია, ბელგია და ირლანდია - ამ ქვეყნების ელჩების ხელმოწერით საბოლოო დოკუმენტი შემუშავდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს 15 ქვეყნიდან ვეტოს უფლების მქონე 5 წევრში რუსეთიც შედის, რაც საქართველოსთვის კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორია, როდესაც საქმე რეზოლუციებამდე მიდის. მოსკოვის წარმომადგენლები საქართველოს მხარდამჭერ ნებისმიერ ნაბიჯს კონტრშეტევით პასუხობენ. დღესაც ასე იყო - დიმიტრი პოლიანსკიმ გაეროს წევრების განცხადებას კრემლის უცვლელი ტერმინები დაახვედრა.

გაერთიანების უმაღლეს ტრიბუნაზე მკაფიოდ გაკეთებული გზავნილები ხელისუფლებაში მადლიერების გრძნობას აღძრავს და იმის დასტურად განიხილავენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მსოფლიოს დღის წესრიგში რჩება. ისინი ამ მხრივ დამატებით ძალისხმევას აანონსებენ.

ამ მიდგომებთან ოპოზიციას კითხვები აქვს. ამბობენ, რომ ხელისუფლება რუსული აგრესიის შესაკავებლად საერთაშორისო მასშტაბით სათანადო ძალებს არ იყენებს. თუმცა ის, რაც თითქმის ყველა საკითხში დაპირისპირებულ მხარეებსაც კი აერთიანებთ, რუსეთის მიმართ მკაცრი შეფასებაა.

მმართველი გუნდი ოპოზიციის კრიტიკას 2008 წლის პროცესებში მათი არაეფექტურობის გახსენებით პასუხობს. უმრავლესობაში თვლიან, რომ გაეროს ბოლო დოკუმენტი შესაძლოა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი, თუმცა შედეგი აუცილებლად ექნება.

რუსეთისთვის დანაპირების შეხსენების პარალელურად, ნიუ-იორკში ისიც ითქვა, რომ ჟენევაში მხარეებმა ძალისხმევა უნდა გააორმაგონ, რომ სამშვიდობო პროცესებმა შედეგი აჩვენოს.

დღის ამბები