29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე კვლავ ბურუსით მოცულია - ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას უნდობლობას უცხადებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა უნდობლობას იმ დასკვნას უცხადებს, რომლის მიხედვითაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ იმ ჩანაწერის ავტორი, რომელიც გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს, ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილია. 5 აგვისტოს შედგენილ ოქმში წერია, რომ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი - "ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ" ნამდვილად გარდაცვლილს ეკუთვნის.

პოზიციის გასამყარებლად სამხარაულის ექსპერტებმა დასკვნას დაურთეს ამონარიდი თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი გამოკითხვის ოქმიდან. "კურიერის" ინფორმაციით, წარწერა: "ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით" გოგონამ წლების წინ იმ დოკუმენტზე დატოვა, რომელიც ოჯახური ძალადობის საქმეზე შედგა. მაშინ გარდაცვლილის მამას ოჯახში მომხდარი ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. თამარ ბაჩალიაშვილის კალიგრაფია ორივე შემთხვევაში იდენტურია. ფაქტს არც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ ოჯახური კონფლიქტი გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი არ ყოფილა.

ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას ბაჩალიაშვილები 22 ივლისის შემდეგ ითხოვენ. ისინი გამოძების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან და სიმართლის დასადგენად ფედერალების იმედი აქვთ. ეს პოზიცია დღეს გენერალურ პროკურორთან სამსაათიანი შეხვედრის დროსაც დააფიქსირეს.

ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა ოჯახმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშილის პირადი კომპიუტერიდან მონაცემების ნაწილი გაავრცელა. ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით გამოძიება ამბობს, რომ გარდაცვალებამდე თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ ვებგვერდებს ათვალიერებდა.

ოჯახის კიდევ ერთი ეჭვი ბაჩანა ლობჟანიძეს უკავშირდება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო. ის დღეს გამოძიებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უშედეგოდ ცდილობდა.

ოჯახის ერთადერთი იმედი ახლა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროა. ქართული მხარე ოფიციალურ მიმართვაზე FBI-გან პასუხს ელოდება.

დღის ამბები