29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
სანამ სწორ რეფორმას არ გავატარებთ, მანამდე ვიქნებით მათხოვრების და ჩმორების ქვეყანა, სადაც მთავრობა რაღაცებს დაგვირიგებს და გაგვიხარდება - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "დღის კურიერის" ეთერში მთავრობის ანტკრიზისულ გეგმას ნასესხები ფულის გადანაწილება უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებას თავისი მმართველობის 8 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ეკონომიკის რეალურად გაჯანსაღების მიზნით და პანდემიის დროსაც მხოლოდ პიარზე გათვლილ ნაბიჯებს დგამს, რომელიც რეალურად მოსახლეობის სიღარიბეს ვერაფრით უშველის:

"ანტიკრიზისული პაკეტი უნდა გულისხმობდეს იმას, რომ კრიზისი უნდა იყოს დაძლეული. 17 წლამდე ბავშვებს ურიგებენ 200 ლარს ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ ამ ბავშვების ცხოვრება დაალომბარდა, აიღო სესხი ქვეყნის გარედან და დაურიგა ბავშვებს. სინამდვილეში ეს არის რომ ბავშვებს აძლევენ ფულს, რომელსაც რომ გაიზრდებიან რამდენიმე წელწადში მათი გასასტუმრებელი იქნება. არაფერი ამაში ანტიკრიზისული არაა, ეს არის გარედან მოტანილი ფულის განაწილება. პანდემიის გარეშეც ჩვენ ვართ ჭაობში და ძალიან ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ. პანდემიამ ახლა დაარტყა, თორემ მანამდე 8 წელია ხელისუფლებაში იყვნენ და რა გაკეთდა იმისათვის რომ საქართველო გამდიდრებულიყო? აქ გვაქვს სრული საგიჟეთი, რომ გადავხედოთ რას აკეთებს ეკონომიკური თვალსაზრისით ხელისუფლება, გვაქვს ბარდაგი, იმიტომ რომ გონზე არ იყვნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და სინამდვილეში როგორ იზრდება ეკონომიკა. პანდემიამდე მოვედით ძალიან ცუდად და ამას დაემატა პანდემია და პანდემიის დროს გადადგმული სრულიად გაუაზრებელი პიარზე გათვლილი ნაბიჯები და ათასგვარი შეზღუდვები,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, მსგავსი ფულის დარიგებები წინასაარჩევნო მოსყიდვაა, რადგან ადამიანები ისეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან, რომ მზად არიან ამ ფულის სანაცვლოდაც კი მისცენ "ოცნებას" ხმა.  როგორც "გირჩის" ლიდერი ამბობს, ვიდრე  სწორი ეკონომიკური რეფორმა არ ჩატარდება, საქართველო მათხოვრების და ჩმორების ქვეყანა იქნება, სადაც მთავრობა თავისი მიზნის მიღწევას ასეთი მცირე რაღაცების დარიგებით მოახერხებს:

"ეს მოსყიდვაა  ცხადია, წინასაარჩევნოდ გაღატაკებულ მოსახლეობას ფულს ურიგებ. ეს არის ნასესხები ფულის გადანაწილება მოქალაქეებზე და კამათი იმაზე, ასე ჯობია, თუ ისე ჯობია, მაგას შინაარსი არ აქვს, მაშინ მათხოვრები დავრჩებით და სულ ვიკამათებთ იმაზე, როგორ ჯობია ნამათხოვრალი ფულის  განაწილება და ეს არაა გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური ცვლილება ეკონომიკური წესრიგის, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს და მოქალაქეები აღარ იყვნენ მათხოვრებივით და აღარ გვჭირდებოდეს გარედან შემოტანილი ფულის გადანაწილება და დარიგება. ჩვენ გვჭირდება, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაზე თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა და შეძლონ საკუთარი თავის შენახვა, ოჯახების შენახვა და მეგობრების და ახლობლების დახმარება. მანამ სანამ ამას არ მივაღწევთ და ასეთ სწორ რეფორმას არ გავატარებთ, მანამდე ვიქნებით მათხოვრების და ჩმორების ქვეყანა სადაც მთავრობა რაღაცებს დაგვირიგებს და გაგვიხარდება, არა მხოლოდ გაგვიხარდება, არამედ ადამიანების დიდი ნაწილი ამ ფულის სანაცვლოდ წავა და არჩევნებზე მხარს დაუჭერს "ოცნებას" ისეთ გაჭირვებულ დღეშია,"- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომლის გადადგმაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა რეალურად განვითარდეს:

"სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივები, რომელიც არის რეალურად ამ ქვეყნის მოქალაქეების საკუთრება, ეს უნდა იქცეს კერძო საკუთრებად. მანამ სანამ აქტივების დიდი ნაწილი სახელმწიფოს ხელშია და ძალიან მცირე მოქალაქეების, საუბარი კაპიტალისტურ სისტემაზე და თავისუფალ ბაზარზე არის ილუზია და ზღაპარი. მეორე ისაა, რომ  მთავრობას მიაქვს იმაზე მეტი ფული ჩვენი ჯიბიდან ვიდრე სჭირდება იმ ფუნქციების შესრულებას, რაც უნდა ქონდეს მთავრობას. მთავრობის საქმეა, რომ თავდაცვას, სასამართლოს და საგარეო საქმეს მიხედოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლარი არ იყოს ერთადერთი საშუალება გადახდის. მოქალაქემ ის ფული უნდა გამოიყენოს რომელსაც ენდობა,"- განაცხადა "გირჩის" ლიდერმა.

დღის ამბები