29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ იმსჯელეს

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ იმსჯელეს.

წევრმა სახელმწიფოებმა წუხილი გამოხატეს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს დადებული შეთანხმებების შემდგომ მიღწეული პროგრესი მცირეა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვან გამოყენებას, ასევე უარყოფითად მოქმედებს საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და ახდენს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას.

განცხადებაში საუბარია ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებაზეც. წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და რუსულ მხარეს მოუწოდეს, სრულად შეასრულოს შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.

ვალდებულებების შესრულებისკენ რუსეთს გაეროში ესტონეთისა და გერმანიის წარმომადგენლობები ტვიტერის საშუალებითაც მოუწოდებენ.

"მიმდინარე კვირაში 12 წელი გადის რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული კონფლიქტიდან. დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში მოვისმინეთ გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, მიროსლავ იენჩას მოხსენება და განვიხილეთ კონფლიქტის შემდგომ განვითარებული მოვლენები. გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპა, ვინც სახლი დაკარგა და ვწუხვართ იმ მცირე პროგრესის გამო, რომელიც კონფლიქტის გადასაჭრელად 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების შემდეგ იქნა მიღწეული. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების განგრძობადი ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისო წესრიგის ნორმებს. ის კიდევ უფრო ჰყოფს საზოგადოებას და რისკის ქვეშ აყენებს ჯანდაცვასა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას.

ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერებით ბოლო წლის განმავლობაში, მათ შორის "კოვიდ-19-ის" გლობალური პანდემიის დროს. ამ ისედაც გამოწვევებით სავსე დროს, დე ფაქტო ხელისუფლებები ქართულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეფექტურად ახორციელებენ კონტროლს და განაგრძობენ თვითნებურ დაკავებებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მუდმივად უარს აცხადებს სამედიცინო ევაკუაციებსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის გამო პანდემიასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისევე, ლუგარის ცენტრის მნიშვნელოვანი სამსახურის წინააღმდეგ მიმართული ყალბი პროპაგანდის გამო.

ეს ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების განხორციელებასა და უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე, რითაც მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება მოიცავს რუსეთის მხრიდან ვალდებულებას, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ასევე ავალდებულებს მხარეებს, დაამყარონ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის მიმართ. მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების მიმართ, ასევე მათი უსაფრთხოდ, ღირსეულად და ნებაყოფლობით სახლებში დაბრუნების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.​ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ძირითად საკითხად რჩება. მიუხედავად შერიგების თაობაზე მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ მიცემული თავდაპირველი დაპირებისა, ვწუხვართ რუსეთის მხრიდან ვალდებულებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში პროგრესის ნაკლებობის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებებს, რომლებიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ საქართველოს რეგიონებზე: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, შესაბამისი ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებადამცველი აქტორებისა და სხვა პირებისთვის უზრუნველყონ შეუფერხებელი წვდომა ამ რეგიონებთან, მათ შორის რელიგიურ ადგილებთან.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ძალისხმევის გაორმაგებისკენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები