29 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
სასამართლომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს პატიმრობა, დირექტორს კი 100 000-იანი გირაო შეუფარდა

ექიმებს, რომლებსაც სამსახურებრივი გულგრილობას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს კი 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გირაოს შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა ამ ეტაპისთვის საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. 

დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადება თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომაც გაავრცელა , რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულება სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს. მათი თქმით, ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დღის ამბები