29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
5 თვეში დაზიანებული მაგისტრალი - საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალური მაგისტრალის ნაწილს ხელახალი რეაბილიტაცია სჭირდება 

გორელოვკა-ბავრის საავტომობილო გზაზე სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა, თუმცა საქართველო - სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალური მაგისტრალის ნაწილს ხელახალი რეაბილიტაცია სჭირდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 12 მილიონ ლარს შეადგენდა კომპანია "საქმილსადენმშენმა" შეასრულა.

უკვე დახეთქილი და დაზიანებული გზის საფარი დღეს ავტომობილებს უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემას უქმნის. დაზიანებული გზა, რომელიც სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის ნაწილია, სატრანზიტო ტვირთების გადაადგილებასაც უშლის ხელს. ადგილობრივები გზის ხელახლა რეაბილიტაციას ითხოვენ.

უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაზე საუბრობს ადგილობრივი ოპოზიციაც. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების თქმით, აუცილებელია გორელოვკის გზაზე შესრულებული სამუშაოების ხარისხით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ნინოწმინდის მერიაში. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დღეს "კურიერთან" განმარტა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხოლოდ სამუშაოები ჩაიბარა. ალექსანდრე მიქელაძის განცხადებით, სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი მერიის მოვალეობა არ ყოფილა.

ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულების ხარისხს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს კონტრაქტორი კომპანიის დირექტორი. ავთანდილ ლომთაძის თქმით, გზაზე დაზიანებები რთულმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია. თუმცა დღეს კომპანიის ხელმძღვანელს ის არ გახსენებია, რომ ტენდერის მთავარი პირობა მკაცრი კლიმატის გათვალისწინება იყო. ლომთაძის განცხადებით, კომპანია მზადაა დაზიანებული მონაკვეთი საკუთარი ხარჯებით აღადგინოს.

დღის ამბები