29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
FBI ბაჩალიაშვილის საქმეში - შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეში ფედერალების ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამს  

ფედერალები ბაჩალიაშვილის საქმეში - შინაგან საქმეთა სამინისტროში თითქმის 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ, ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ საგამოძიებო უწყება FBI-ის ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამს. შესაბამისი წერილი უკვე გაგზავნილია - ეს ინფორმაცია რამიშვილს მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ მიაწოდა. კონკრეტულად, როდის დაიწყებენ ფედერალები საქმის გამოძიებას, ჯერ უცნობია. ოჯახის წევრების თქმით, ისინი შეეცდებიან გააკონტროლონ, რომ პირობას მხოლოდ ფორმალური ხასიათი არ ქონდეს.   

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაზე, გარდა ფედერალების ჩართულობისა, ოჯახს გარდაცვლილის საქმის მასალებიც გააცნეს. საქმეში დევს დრონის კადრებიც, თუმცა, მოცულობითი ვიდეო-მასალის გამო, მშობლებს აღნიშნული კადრები დღეს ვერ აჩვენეს. ბაჩალიაშვილები ჯერ კიდევ ელოდებიან როდის ჩაუტარდება ახალგაზრდა ქალის მანქანას ექსპერტიზა, ამაზე პასუხი მათ საგამოძიებო უწყებიდან დღეს ვერ მიიღეს. 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ამ დროისთვის 18 ტომს მოიცავს. საქმის მასალებში დევს ის ჩვენებებიც, რომელსაც ბაჩალიაშვილის მეგობრები, თანამშრომლები და ახლობლები გამოძიებას აძლევენ. ოჯახს და მათ ინტერესების დამცველს დღეს გამოძიებამ ეს ჩვენებებიც გააცნო, რის შემდეგაც, მიხეილ რამიშვილს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა.

საქმეს ახალი მოწმეებიც ყავს, მათ შორის ერთ-ერთია ბაჩანა ლობჟანიძე. ლობჟანიძე ირწმუნება, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მისი შეყვარებული იყო. ის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებს, ამბობს, რომ ყველაფერი იცის, თუმცა ჯერ დეტალებზე საუბარი არ სურს. ბაჩანა ლობჟანიძის ფიგურა კითხვებს უჩენთ ბაჩალიაშვილის მშობლებს. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ოჯახის მოთხოვნის შემთხვევაში სახალხო დამცველი მზადაა საქმის შესწავლა დაიწყოს და კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს. 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 2 - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით გრძელდება. ოჯახს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაზე უამრავი კითხვა აქვს, ამ კითხვებზე პასუხებს ისინი ფედერალური ბიუროსგან ელოდებიან. ქართული საგამოძიებო უწყებების მზადყოფნის მიუხედავად, კონკრეტულად როდის ჩაერთვება FBI საქმის წარმოებაში და რა როლი ექნება მას ჯერ უცნობია.

 

ავტორი: სალომე უერთაშვილი 

 

დღის ამბები