29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ჰქონდათ თუ არა ლიცენზია ექიმებს, რომელთა მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ 23 წლის გოგო 20 თვეა კომატოზური მდგომარეობიდან ვერ გამოდის

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 25 წლის ნათია ცირეკიძე ამ დრომდე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში რჩება. მის ოპერაციაში ჩართული ექიმები და კლინიკის დირექტორი კი სასჯელის მოლოდინში არიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომას დაზარალებული ქალის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. მირზა ცირეკიძე კურიერს უყვება, რომ მიუხედავად დაპირებისა, მის ქალიშვილს ორი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, ლიცენზიის არმქონე ქართველმა ექიმებმა გაუკეთეს.

ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების პროცესში ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. უფლებადამცველების თქმით, მძიმე შედეგის გარდა მედიკოსთა დასასჯელად ის გარემოებაც კმარა, რომ ისინი შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მოქმედებდნენ.

ბრალდების ადრესატ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ოპერაცია იტალიელი ექიმის ჩართულობით ჩატარდა. ქართველ მედიკოსებს კი შესაბამისი სერტიფიკატი ჰქონდათ. ვახტანგ ყიფიანს ინტერვენციული-რადიოლოგიის დარგში, ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას კი იტალიური ლიცენზია, რაც კლინიკის მტკიცებით, მას უფლებას აძლევდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა საქართველოში ეწარმოებინა.

25 წლის გოგონას საქმეზე დღეს იტალიიდან ორი განცხადება გავრცელდა. ერთის ავტორი ბრალდებული მაგდა ხოჭოლავაა, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ანესთეზიოლოგად ლიცენზიის ფარგლებში მუშაობდა. წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა იტალიელმა ექიმმა რობერტო აგაციმაც. მედიკოსი წერს, რომ 2016-2018 წლებში ქართველ ექიმებთან თანამშრომლობდა.

რას ამბობს კანონი? რეგულირების სააგენტოში ამბობენ, რომ ხოჭოლავას ან კლინიკას განცხადებით მათი უწყებისათვის უნდა მიემართა, დაეფიქსირებინა რა პროცედურა უნდა ჩაეტარებინა და ჰქონდა თუ არა შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ზაალ კაპანაძის თქმით, მხარეს არ გაუკეთებია. ქირურგ ვახტან ყიფიანს კი ამ ტიპის მანიპულაციისათვის საჭირო სერტიფიკატი არ ჰქონდა.

ბრალდებული ექიმების მხარდასაჭერად დღეს კოლეგები სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ. ისინი ბრალდებას არ ეთანხმებიან და და კოლეგების კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარებათ.

დაკავებული ექიმები ბრალს არ აღიარებენ. გამოძიება ქირურგს და ანესთეზიოლოგს უკანონო საექიმო საქმიანობას, დირექტორს კი გულგრილობას ედავება.

 

 

დღის ამბები