ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. ის 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა. მამის სურვილი გურამ შარაძის ქალიშვილმა შეასრულა.
მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.
ქართული ემიგრაციის მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დაესწრო.
"აქ თავმოყრილია ემიგრაციაში ყოფილი ჩვენი წინაპრების ნაშრომები, მათი ნააზრევი, მათი ფოტოები, ნივთები, რომლებიც მთლიანობაში მომავალ - ახალ თაობას უყვება იმ მნიშვნელოვან ამბავს, რაც უკავშირდება საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ასევე საქართველოს სწრაფვას ევროპისაკენ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.